“ნუ შეგეშინდება დიმიტრი,”- ამ სლოგანით ქუთაისის მერიასთან დიმიტრი კოპალიანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ქალაქის მერს “ნაციონალური მოძრაობის” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრები მუშაობაში ხელს უშლიან:
“დღევანდელი აქციის მიზანი იყო ქალაქის მერისთვის გამოგვეცხადებინა თანადგომა. სპონტანურად მოგვივიდა ეს აზრი, იმ განცხადებების გამო, რომლებიც ამ დღეებში კეთდებოდა იმპიჩმენტზე, რომ ებრძვიან. ხელისუფლებაში მართლაც წესიერი ხალხის დეფიციტია და ამიტომ მოვედით მხარდასაჭერად და გვინდა ვუთხრათ – ნუ გეშინია. ჩვენი სურვილია გადავარჩინოთ ქალაქი და დავუდგეთ გვერდში ქალაქის მერს,” – ამბობს აქციის მონაწილე კახა ჩახუნაშვილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ნინელი მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ ქალაქს კარგი მერი ჰყავს:
“იმედი მაქვს ახალი მერის, ვფიქრობ, ყველაფერს მიხედავს და ქალაქის პრობლემებს წამოწევს წინა პლანზე.”
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტზე საუბარი ქუთაისში “საქართველოა პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა დაიწყეს. აღნიშნული ფრაქცია ქალაქის საკრებულოში ყველაზე მეტი წევრითაა წარმოდგენილი. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის თქმით, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია, მერის მუშაობა არადამაკმაყოფილებელია და ის “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობს.

