ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მერიის მაღალჩინოსანთა დაკავების ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი განცხადებით, გამოძიება გადაწყვეტს, რა ინფორმაცია გაასაჯაროვოს და რა არა.
“კარგი იქნებოდა, ქალაქის მერიის ხელმძღვანელებს კარგად წაეკითხათ ის განცხადება, რაც მე გავაკეთე. გამოძიება იქნება გამჭირვალე და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. მალე გამოძიება რამდენიმე საინტერესო კითხვაზე გასცემს პასუხს და მის შემდეგ ბევრი ინფორმაცია გახდება საჯარო.”
ფინანსთა მინისტრის განხადებით, ადამიანები დაკითხვაზე კამერებთან ერთად არავის დაჰყავს. მისი თქმით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მოქმედების სტილი, როცა სახლში უცვივდებოდნენ ადამიანებს და ხალხს საცვლების ამარა აჩვენებდნენ ტელევიზიით.
ხადურის განცხადებით, ხელისუფლება ასე აღარ მოიქცევა: “კამერა არ არის დაკითხვაზე ადამიანის მიყვანისათვის საჭირო ატრიბუტი. გამოძიება გაასაჯაროებს ყველა ინფორმაციას, რაც ძალიან ბევრს არ გაეხარდება,”– განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ქალაქ თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და იმ კადრების გამოქვეყნებას სთხოვს, რომელზეც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შენობაში შესვლაა ასახული: “მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა: “თბილისის მერიის მაღალჩინოსნების საქმის გამოძიება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იქნება” ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მერია საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოუწოდებს, შეპირებული “უპრეცედენტო გამჭვირვალობის” ფარგლებში, 27 ივნისის დილის საათებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების დაკავებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიყვანის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, უზრუნველყოს მოცემული ორგანოს უკანა შესასვლელის პერიმეტრზე და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით გადაღებული მასალის იმ მონაკვეთების გამოქვეყნება, სადაც დაფიქსირებულია მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების შენობაში შესვლის პროცესი.
მოცემული ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ნათელი მოეფინება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დაკავების კანონიერების შესახებ და ეს ვიდეომასალა გაცილებით უფრო ინფორმაციული იქნება, ვიდრე არაფრის მომცემი ე.წ. ბანკომატის კადრები.
ამასთან, იმედს გამოვთქვამთ, რომ ვიდეომასალა დამუშავების პროცესში “შემთხვევით” არ დაზიანდება.
ასევე, წინასწარვე გაცნობებთ, რომ ვიდეოკადრების სხვადასხვა მიზეზით არარსებობა (ტექნიკური გაუმართაობა, ჩაწერის განუხორციელებლობა და ა.შ.) ჩვენ მიერ აღქმული იქნება დანაშაულის კვალის დაფარვად და “უპრეცედენტო გაუმჭვირვალობად”, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს დაკავების უკანონობას და მის პოლიტიკურ ხასიათს”, – ნათქვამია განცხადებაში
თბილისის მერია ასევე მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს, მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესს თვალყური მიადევნონ.
