ახალი ამბები

მთავრობის ცვლილების შემდეგ ქუთაისის მერია ქუთათელ-გაენათის ეპარქიას აღარ აფინანსებს

4 ივლისი, 2013 • 2134
მთავრობის ცვლილების შემდეგ ქუთაისის მერია ქუთათელ-გაენათის ეპარქიას აღარ აფინანსებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” (TI Georgia) მიერ დღეს, 4 ივლისს გამოქვეყნებული მონაცების მიხედვით, 2013 წელს ქუთაისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსთვის 112 ათასი ლარი გამოყო, საიდანაც 30 აპრილის მონაცემებით, 87 700 ლარი იყო გადარიცხული.

 

როგორც TI-ის მასალებიდან ირკვევა, გასულ წლებში ქუთაისის მერია პირდაპირ აფინანსებდა ქუთათელ-გაენათის ეპარქიას, რომელსაც მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) ხელმძღვანელობდა და რომელიც ღიად გამოხატავდა თავის მხარდაჭერას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი.

 

მიტროპოლიტი კალისტრატე
მიტროპოლიტი კალისტრატე

2007 წელს ქუთაისის მერიამ ქუთათელ-გაენათის ეპარქიას გადაურიცხა 33 ათასი ლარი, 2008 წელს – 99 500 ლარი, 2009 წელს – 45 ათასი ლარი, 2010 წელს – 40 ათასი ლარი, 2011 წელს – 71 500 ლარი, 2012 წელს – 45 ათასი ლარი.

 

2013 წელს ქუთაისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოს უფასო აღნაგობის ფორმით გადასცა სკვერის ნაწილი (500 კვ.მ) ეკლესიის მშენებლობისთვის, ხოლო 2012 წლის ნოემბერში – მიწის ნაკვეთი (336.0 კვ.მ), ასევე, ეკლესიის მშენებლობისთვის.


ქუთაისის მერია წინა წლებშიც გადასცემდა საქართველოს საპატრიარქოს უფასო აღნაგობისა და უზურფრუქტის ფორმით მიწის ნაკვეთებს ეკლესიების მშენებლობისთვის: მაგალითად, 2012 წლის ივნისსა და ივლისში ორი მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 კვადრატული მეტრი) გადაეცა, 2011 წელს – ერთი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა, 2010 წელს – 10 მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, 10 790 კვადრატული მეტრი), 2009 წელს – 2 მიწის ნაკვეთი, 2008 წელს – 5 მიწის ნაკვეთი (საერთო ჯამში, 10 416 კვ.მ). 2007 წელს საქართველოს საპატრიარქოს უფასოდ საკუთრებაში გადაეცა 2 მიწის ნაკვეთი, 2006 წელს – 1 მიწის ნაკვეთი, 2003-04 და 2005 წლებში – ასევე, თითო-თითო მიწის ნაკვეთი, ხოლო 2002 წელს – 2 მიწის ნაკვეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი