ახალი ამბები

ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ისევ გამოძიების დასრულებას ელოდება

4 ივლისი, 2013 • 1168
ბარბარე რაფალიანცის ოჯახი ისევ გამოძიების დასრულებას ელოდება

“ორი კვირის წინ ვიყავით ისევ დაბარებულები დაკითხვაზე, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის საქმე, ახალი ისევ არაფერია,”- ამბობს ბარბარე რაფალიანცის დეიდა დალი მექერიშვილი.

 

მისივე თქმით, დღეს, 4 ივლისს ოჯახი პრესკონფერენციას მართავს, სადაც გაკეთდება განცხადება იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნებისა” და მისი მაჟორიტარობის კანდიდატის, მანანა ბერიკაშვილის დადანაშაულება შეწყდეს. 

 

“ბოლო დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ისევ აკეთებს განცხადებებს, და მომხდარში ოცნების კანდიდატს, მანანა ბერიკაშვილს ადანაშაულებს. თუ მართლა ოცნება ურევია ამ საქმეში, მაშინ რატომ გადაგვიხადა ღვინიაშვილმა მაშინ 3 ათასი ლარი. თავიდანვე კი ის მიზეზი დაასახელეს, რომ გაჭირვებული ოჯახი ვართ და ამიტომ გვაძლევდნენ ამ ფულს, მაგრამ სოფელში ჩვენ გარდა უამრავი ასეთი ოჯახი ცხოვრობს და ჯერ არავისთვის არაფერი მიუციათ.”

 

გამოძიების დაწყებიდან 8 თვის მანძილზე საქმეში ერთადერთი ახალი დეტალი, ზურგჩანთა იყო, რომელიც მარტში იმ ქვევრში აღმოაჩინეს, სადაც 10 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. 

 

10 თვის ბარბარე რაფალიანცი ოჯახის წევრებმა გასული წლის 30 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს იპოვეს ქვევრში დამხრჩვალი. იმავე ღამით გურჯაანის მაშინდელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა მისი ოპონენტი, გურჯანიის ამჟამინდელი მაჟორიტარი “ნაციონალებიდან” გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა ბავშვის პოლიტიკური ნიშნით მკვლელობაში, რაც მაშინვე უარყო ღვინიაშვილმა.

 

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

 

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში ამ თემის კომენტირებისას თქვა, განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდებოდა ბავშვის გარდაცვალების გარემოებები, ნაჩქარევი იყო. 

 

“სამწუხაროდ, ამ უბედური შემთხვევიდან არ მოხდა სწრაფი რეაგირება, არ მოხდა საგამოძიებო სამუშაოების ჩატარება, რამაც გამოძიება ამ ეტაპისთვის მიიყვანა ჩიხში. ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია სერიოზული გარემოებები, ამიტომ მე ჯერ თავს შევიკავებ და არ გავაკეთებ დამატებით კომენტარს,”- განაცხადა მაშინ მინისტრმა.

 

10 თვის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მოგვიანებით ბავშვის ოჯახსაც შეხვდა და როგორც ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, შეხვედრის დროს მინისტრმა ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ისაუბრა და მათ გამოძიების მიმდინარეობის დეტალები გააცნო, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოჯახის წევრების ვერსიებიც მოისმინა.

 

როგორც ბავშვის დეიდამ, დალი მექერიშვილმა მაშჲნ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, მათ თავად მიმართეს შსს-ს განცხადებით, რომლითაც ითხოვდნენ ღარიბაშვილთან შეხვედრას საქმესთან დაკავშირებით მათ მიერ აღმოჩენილ ახალ გარემოებებზე სასაუბროდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი