ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურას დაავალა ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლება

15 ნოემბერი, 2017 • 1397
სასამართლომ პროკურატურას დაავალა ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების განახლება

საიას ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ირაკლი ხოფერიას პოლიციაში წამების საქმეზე პროკურატურას შეწყვეტილი გამოძიების განახლება დაავალა.

ამ საქმეზე ირაკლი ხოფერიას ინტერესებს საია იცავს.

“მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სრულად გაზიარა საიას პოზიცია, გააუქმა თბილისის პროკურორის დადგენილება და აღუდგინა ირაკლი ხოფერიას დაზარაკებულის სტატუსი. მოსამართლემ ასევე დაავალდებულა პროკურატურა, გააგრძელოს გამოძება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება,”- აცხადებს საია.

საიას თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბოლო წლებში არც მათ პრქტიკაში და არც სასამართლოს მონიტორინგის ფარგლებში მსგავსი გადაწყვეტილება არ ახსენდებათ:

“ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა სასამართლომ ამ საქმესთან მიმართებაში, ძალიან სწორი და ჯანსაღი. იმედია, რომ ეს არ იქნება ერთეული შემთხვევები და ასეც უნდა მოიქცეს სასამართლო, როდესაც საქმის მასალები აჩვენებს, რომ გამოძიების შეწყვეტა არის დაუსაბუთებელი. ნამდვილად მივესალმებით მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, საგამოძიებო ორგანოებისთვის ეს გახდება მნიშვნელოვანი მესიჯი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი ხოფერია აცხადებს, რომ  2017 წლის 16 თებერვალს პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მოითხივდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ხარვეზებით წარიმართა – თავდაპირველად ხოფერიას უარს ეუბნებოდა პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე და ამ სტატუსის მოპოვება მხოლოდ სასამართლოს 2017 წლის 2 მაისს მიღებული განჩინების საფუძველზე გახდა შესაძლებელი. საიას ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას ხოფერიამ მოძალადე პოლიცილები ამოიცნო, თუმცა გამოძიება ისე შეწყდა, რომ პასუხისგებაში არავინ მიცემულა და ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები, პასუხგაუცემელი დარჩა.

გამოძიების შეწყვეტის შესახებ ვრცელი განცხადება პროკურატურამ 11 ოქტობერს გამოაქვეყნა.

“საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ი.ხ-ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო,”- განაცხადა მაშინ პროკურატურამ.

საიას იურისტმა, რევაზ აჭარაძემ 15 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოითხოვენ, გამოძიება არა თბილსის პროკურატურამ, არამედ მთავარმა პროკურატურამ გააგრძელოს:

“დღეის მდგომრეობით, მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომ მან გამოიძიოს ეს საქმე, რადგანაც ამ საქმესთან დაკავშირეით თბილისის პროკურატურის მიმართ ნდობა აღარ არსებობს,” – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი