ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: ეუთოს რეზოლუციაზე აჟიოტაჟი “ნაციონალების” შექმნილია

3 ივლისი, 2013 • 924
ზურაბ აბაშიძე: ეუთოს რეზოლუციაზე აჟიოტაჟი “ნაციონალების” შექმნილია

რეზოლუციის 152–ე პუნქტში ნათქვამია, რომ ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეა იხსენებს “საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ” მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას და მიესალმება ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანად გადაცემას. ასამბლეა ხაზს უსვამს კანონის უზენაესობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შერჩევითი სამართლის გამოყენებისგან, ასევე, გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ამ პუნქტში საგანგაშო არაფერია და რეზოლუციის მიღებისას საქართველოს მიერ დაყენებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გაითვალისწინეს:

 

“ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ ამ ჩანაწერში, გულწრფელად რომ ვთქვა. გარკვეული აჟიოტაჟი, რომელიც შეიძლება შექმნეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, არაფერს არ იძლევა. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ პირველ რიგში ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ის, რომ არ უნდა იყვნენ პოლიტიკური პატიმრები ქვეყნებში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, ესეც, მე მგონი, ცხადია და ნათელია, და ამას ჩვენ მხარს ვუჭერთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”–თან საუბრისას.

“საქართველოს მიერ დაყენებული ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი არის ასახული, რაც გასახარია. ეს შეეხება, პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და დეოკუპაციის აუცილებლობას, ეს შეეხება იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო დაბრუნებას მათი საკუთრების უფლების დაცვით, ეს შეეხება ეთნიკურ წმენდას, რომელიც კიდევ ერთხელ კარგა ხნის განმავლობაში არ იყო დაფიქსირებული და ახლა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, ეს შეეხება საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ძალთა ბალანსს ადგენს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში, ისევე, როგორც სასამართლო რეფორმების სწორად მიმდინარეობას და ამას ეუთო მიესალმება”, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე “რუსთავი 2”–თან საუბრისას.

 

ეუთოს მიერ მიღებულ რეზოლუციას დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, სააკაშვილის თქმით ეს ჩანაწერი საქართველოს რეპუტაციას და პრესტიჟს ლახავს:

 

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ტერმინი პოლიტიკური პატიმრები ახსენა საქართველოს კონტექსტში და გამოხატა შეშფოთება ყოფილი პრემიერ–მინისტრის და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის ვანო მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. ის რომ პირველად უახლეს ისტორიაში, ეს ძალიან ავტორიტეტული, ევროპული ორგანო, მთავარი საპარლამენტო ორგანო ევროპის, ტერმინ პოლიტპატიმარს ხმარობს საქართველოსთან მიმართებაში არ შეიძლება არ იყოს ჩვენთვის, ყველასთვის ჩაფიქრების წყარო. ჩვენ ყველანი ვიყავით მოწმე, თუ როგორ იზრდებოდა საქართველოს ავტორიტეტი წინა წლებში, როგორ დამკვიდრდა საქართველო ევროპის და მსოფლიო რუკაზე, როგორ გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა და ხშირ შემთხვევაში უბრალოდ აღფრთოვანება. აი ამ ყველაფრის შემდეგ ახლა ამ ტერმინის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში, არ შეიძლება, რომელი პოლიტიკური ბლანგის წარმომადგენლებიც არ უნდა ვიყოთ, არ გვაღელვებდეს და არ დაგვაფიქროს. ეს არის საქართველოს რეპუტაციის და პრესტიჟის შელახვა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი