ახალი ამბები

ომბუდსმენი: რელიგიური დაპირისპირების ასაცილებლად საჭიროა ეფექტური გამოძიება

3 ივლისი, 2013 • • 993
ომბუდსმენი: რელიგიური დაპირისპირების  ასაცილებლად საჭიროა ეფექტური გამოძიება

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს გამოძიება სოფელ სამთაწყაროში 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 21 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

 

“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წლის მაისი – ივნისის განმავლობაში ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არ მიეცა ლოცვის საშუალება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ვითარებას.

 

რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა  უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადეკვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება”, – ნათქვამია ომბუდსმენის 3 ივლისის განცხადებაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 21 ივნისს მომხდარი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი  (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა); 151-ე მუხლი (მუქარა), 155-ე მუხლი  (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლი (დევნა).

 

ამასთან, იმ პირების მხრიდან, რომლებმაც 2013 წლის 7 ივნისს სულიკო ხოზრევანიძეს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გააცნეს, შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

 

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის შეწყვეტას თხოვდა ვინმე გია ლეჟავა, რომელიც მათ ომბუდსმენის ოფისის თანამშრომლად გაეცნო, თუმცა, ის ომბუდსმენის ოფისში არ მუშაობს.

 

უკვე რამდენიმე კვირაა სოფელ სამთაწყაროში მუსლიმებს ადგილობრივი მართლმადიდებლები ლოცვას უშლიან და ემუქრებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი