ახალი ამბები

ქუთაისის მერის იმპიჩმენტი შესაძლოა აღარ შედგეს

3 ივლისი, 2013 • • 1108
ქუთაისის მერის იმპიჩმენტი შესაძლოა აღარ შედგეს

დიმიტრი კოპალიანის თქმით, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ ისეთი სირთულეები დახვდებოდა ქუთაისის მერიაში, როგორიცაა ცარიელი ბიუჯეტი და შეჩერებული პროექტები:

 

„მე არ ვარ პოლიტიკოსი და აქედან გამომდინარე ყველაფერი, რასაც ვაცხადებ, თვითმმართველობის უკეთესი მუშაობისკენ არის მიმართული. დიახ, როცა ქუთაისში ჩამოვდიოდი, ვიცოდი, რომ სირთულეები მელოდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დამხვდებოდა ცარიელი ბიუჯეტი, გეგმას ჩამორჩენილი შემოსავლები, შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და, რაც მთავარია, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური კონფლიქტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ რიგი სამინისტროებიდან ადგილი ჰქონდა მჭიდრო თანამშრომლობის არაერთ შემოთავაზებას.“

 

კოპალიანის მტკიცებით, ქალაქში ტენდერები კანონის დარღვევით ჩატარდა, რის გამოც საჭიროა ხელმძღვანელი პირების საქმიანობის შესწავლა:

 

„არაფერს ვამბობ მერიაში არსებულ შიდა დაპირისპირებებსა და მთლიანად მოშლილ დისციპლინაზე. ყველას მოეხსენება, რომ დღესდღეობით დაბალია მოხელეთა პროფესიონალური დონე, რაც ჩვენ მიერ წამოწყებული რეორგანიზაციის ერთ-ერთი პირობა გახლდათ. მძიმე მემკვიდრეობად გვერგო გაბერილი შტატები, წარმოუდგენლად გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ასეულობით ფაქტი და კანონდარღვევით ნაწარმოები ტენდერები, რის გამოც ჩვენ აუცილებლად უნდა დავაყენოთ მერიის ხელმძღვანელი პირების საქმიანობის შემსწავლის საკითხი და მათი თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობა.”

 

გარდა ამისა, კოპალიანი აცხადებს, რომ მერიაში რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც უზნეოდ იქცევიან:

 

„მაქვს ინფორმაცია, რომ მერიაში ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი უზნეო ქცევით, უაზრო დაპირებებითა და ე.წ. ატკატების ძიებით არიან დაკავებული. მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ შეეცდებიან ჩემს სიტყვებში იპოვონ ქალაქში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაპირისპირების პათოსი, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ ქალაქის მერი და ჩემი ვალდებულებაა არა პოლიტიკა, არამედ ქალაქის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვა, რომელიც არ გამორიცხავს ფრაქციებთან აქტიურ თანამშრომლობას მათი ხელმძღვანელობით.“

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე მიიჩნევს, რომ მერმა აღნიშნულ ბრიფინგზე ის ყველაფერი აღიარა, რაზეც თვითონ 2 დღის წინ საუბრობდა:

 

„დღეს ვნახეთ, რომ სატენდერო კომისია შეიქმნა. მე პირველი დოკუმენტი დავინახე დღეს მერიიდან სატენდერო კომისიის შექმნის და დაინიშნა პირველი სხდომა. ეს უკვე იმის საფუძველს გვაძლევს, რომ რეალურად გამოაცხადებს ტენდერებს და რეალურად იზრუნებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ქალაქში. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ წამოწყებას. ქალაქის კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს მხარდაჭერას გამოვხატავთ.“

 

გარდა ამისა, თევდორაძე აღნიშნავს, რომ მერიაში განსახორციელებელი აქტივობების ინიციატორები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრები იყვნენ:

 

„მით უმეტეს, ჩვენ ვიყავით ინიციატორები ამ ატესტაციის, ტესტირების, ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მოწოდების და, ფაქტობრივად, ამისთვისაც მოვიყვანეთ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი მერი, რომ ინფრასრტრუქტურა განვითარებულიყო. ამავდროულად, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ხელშეწყობის გარდა დავაკვირდებით, რამდენად რეალური იქნება… არის ზოგჯერ საქმე, რომელიც ბუმით იწყება და კრახით მთავრდება, ზოგჯერ არის საქმე, რომელიც წინააღმდეგობრივად იწყება, მაგრამ შედეგებამდე მიდის. მოდით, დაველოდით მოვლენების მსვლელობას. დღეს დავინახეთ მარცვალი სასიკეთო ძვრების.”

 

გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ თუ მოვლენები პოზიტიურად განვითარდება, იმპიჩმენტით მერის მოხსნა არ იქნება საჭირო:

 

„ღმერთმა დაგვიფაროს, არც ჩვენ ვართ იმპიჩმენტის მოსურნე. ჩვენ ორი დღის წინაც ვთქვით, რომ იმედია, მერი ამას გამოასწორებს და მე ვფიქრობ, ეს ჯანსაღი კრიტიკაც ჩვენგან სასიკეთოდ წაადგა საქმეს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი