ახალი ამბები

პრემიერი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა არჩევნებზე მისი გუნდის წევრების მიერ გამოთქმული კრიტიკა არაკორექტული იყო

3 ივლისი, 2013 • • 951
პრემიერი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა არჩევნებზე მისი გუნდის წევრების მიერ გამოთქმული კრიტიკა არაკორექტული იყო

ეს განცხადება ივანიშვილმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე ისაუბრა.

 

“ჩატარდა არჩევნები, არჩევენბი იყო თავისუფალი, იქ გამოთქვეს კრიტიკული მოსაზრებები ზოგიერთმა ჩვენი გუნდის წევრმაც, რაც იყო არაკორექტული, ჩემი აზრით. ვერც სასამართლო, ვერც მთავარობა და ვერც ჩვენი საზოგადოების სხვა შემადგენელი ნაწილი ვერ იქნება იდეალური. [სასამართლო] დღეს არაა იდეალური, მაგრამ არის უკეთესი, ჩემი აზრით. სასამართლოსთან დაკავშირებით მთავარი და გადამწყვეტი იქნება ის ნება, რომელიც არსებობს დღეს ხელსიუფლებაში, პირადად ჩემში და ჩვენს გუნდში, რომ არც ვიფიქროთ და, თუ გნებავთ, არც გავბედოთ, რომ ჩავერიოთ სასამართლოს უფლებებში და არ დავიწყოთ ამ მიმართულებით ქმედებები. სასამართლო დღეს არის საზოგადოების ისეთივე ნაწილი, როგორიც გახლავთ ჟურნალისტიკა. ჩემი სურვილი იქნებოდა, უფრო ადრე განვითარდეს და წინმსწრები იყოს სასამართლო. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ დამოუკიდებელი იყოს. მე ვფიქრობ, რომ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, მოსამრთლეებმა გააცნობიერეს ახალი გუნდის  და პირადად ჩემი პოზიცია, რომ არ ჩავერევით. ნელ–ნელნა მოახერხებენ ისინი, რომ მაქსიმალურად იყვნენ დამოუკიდებელნი, როგორც მთლიანად სასამართლო, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭო და თითოეული მოსამართლე. ის, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა, იქიდან გამოსვლასაც დრო დასჭირდება. ხარისხი ამაღლდება მომავალში. დღეს მე ვფიქრობ, რომ მივიღეთ უკეთესობა”, – განაცხადა მან.

 

პრემიერის თქმით, გასაგებია, რომ ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს ის არჩევანი, რაც მოსამართლეებმა გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით:

 

“მაგრამ ეს არჩევნები იყო და იმის იქით ჩვენ არ გვაქვს უფლება მაგათი კრიტიკის. როგორც მოახერხეს, ისე აირჩიეს და პატივი უნდა ვცეთ. მომავალში კიდევ უკეთესი იქნება, იქ როტაცია იქნება, ახალგაზრდები ჩაენაცვლებიან, ეს ყველაფერი დაგეგმილია, მათ აქვთ ვადა სამსახურის, ის ვადა დამთავრდება, ახალი სისხლი შევა, ახალი ძალა ჩაენაცვლება და ნელ–ნელა განვითარდება”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი