ახალი ამბები

ივანიშვილი: საგანელიძეს 17 მაისთან დაკავშირებით საბოდიშო არაფერი აქვს

3 ივლისი, 2013 • 953
ივანიშვილი: საგანელიძეს 17 მაისთან დაკავშირებით საბოდიშო არაფერი აქვს

“ვიცი ეს განცხადება, მოსმენილიც მაქვს და შენიშვნაც მივეცი მას საბჭოზე. მას საბოდიშო არაფერი უთქვამს, რომ ბოდიში მოეხადა. მან დააზუსტა თავისი გამონათქვამი. მისი განცხადება იყო არაკორექტორული,”- განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

აღნიშნული კითხვის გამო პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. 

 

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ 17 მაისს მადლობა  გადაუხადა პოლიციას და იმ დღეს განვითარებულ მოვლენებში ძალადობის ინსპირატორად ორგანიზაცია “იდენტობა” მოიხსენია.  

 

“ესაა ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ. ეს ორგანიზაცია, “ლჯბპ” თუ რაღაც კიდევ ასოციაცია… არც მინდა მაგათი სახელის ხსენება, ჭრელ დროშებს რომ აფრიალებდნენ, ფულის გულისთვის სხეულს გაყიდიან”, – ამ სიტყვებით მოიხსენია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აქციის ორგანიზატორები.


ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებითვე, 17 მაისის მოვლენებზე გამოძიება გრძელდება.

 

“პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ მოქმედი ორი მღვდელთმსახური პასუხისგებაში მიეცა, და ისინი დაისჯებიან კანონის შესატყვისად. 17 მაისი იდეალური ხელწერა იყო ხელისუფლების, პოლიცია იდეალურად მოიქცა, რეალობიდან გამოვიდა და გამოძვრა, რაც შეიძლებოდა კარგად. თუმცა საშინელი სანახავი იყო ის, რაც ხდებოდა 17 მაისს, მაგრამ ეს არ იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგი. ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ უმცირესობებს. ეს კანონის უზენაესობით უნდა მოვახერხოთ,”- განაცხადა მან.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი