ახალი ამბები

არასაპარლამენტო ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ “თამაშის წესების” დადგენას ითხოვს

2 ივლისი, 2013 • • 1102
არასაპარლამენტო ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების წინ “თამაშის წესების” დადგენას ითხოვს

გიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძე

“ამ დღეების განმავლობაში მეტი ფოკუსირება უნდა მოხდეს იმ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც საპრეზიდენტო კანდიდატებს თუ მათ მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს მოუწევთ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ არის შესაცვლელი, თუმცა შეცვლილი ჯერ არაფერი გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული შეთანხმებები ინტერფრაქციულ ჯგუფში. პარლამენტის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა ისე დაამთავრა, რომ საარჩევნო კოდექსში პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში და სხვა შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებები არ შესულა. ჩვენ ველით ამ მიმართულებებით ცვლილებების განხორციელებას”, – აცხადებს ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომლის პარტიასაც საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია და ამის გაკეთებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში აპირებს.

იგი საპრეზიდენტო კანდიდატების  მხრიდან საკანონმდებლო დონეზე ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენების პრევენციას მოითხოვს და ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი კამპანიის პროცესში პარალელურად მთავრობის წევრი და მინისტრი არ უნდა იყოს.

“არ უნდა გვყავდეს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც 31 ოქტომბერსაც კი მთავრობის წევრი იქნება და ერთდრულად აწარმოებს როგორც მინისტრის საქმიანობას, ასევე, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას. ამ მიმართულებით ცვლილებები მისაღებია კანონმდებლობაში”, – აღნიშნავს თარგამაძე, რომლის აზრითაც საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრის რანგში საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსწავლეებს უფასო სახელმძღვანლოებს არ უნდა ურიგებდეს, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამაა.

ადმინისტრაციული რესურსების კუთხით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების თაობაზე არასამთავრობო სექტორშიც საუბრობენ. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ მათ ამ საკითხზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავეს.

“ვფიქრობთ, რომ ძალიან ფართოა იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელბსაც შეუზღუდავად შეუძლიათ კამპანიაში მონაწილეობა. ასევე ვითხოვდით, რომ კამპანიაში ან სააგიტაციო შეხვედრაზე დასწრების უფლება შეეზღუდოთ მთელ რიგ საჯარო მოხელეებს, მათ შორის ესენი არიან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, კომისიის წევრები და ასე შემდეგ. ასევე დავაყენეთ საკითხი, რომ განსაზღვრულიყო საპრეზიდენტო კანდიდატობასთან შეუთავსებელი საქმიანობა, მათ შორის [ეს უნდა შეხებოდათ] მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს, იმიტომ, რომ ასეთ დროს ძალიან რთულია გაიმიჯნოს, კანდიდატი აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუ ახორციელებს თავის სამსახურეობრივ საქმიანობას”, – აღნიშნა ლომჯარიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა, გიორგი თარგამაძე წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივას აყენებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, მხარს თითქმის ყველა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია უჭერს. ინიციატივა შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის დაფინანსების საკითხს. თარგამაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში 4–პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ისე როგორც საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტმა მას მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. როგორც ირკვევა, ამ საკითხზე ინტერფრაქციულ ჯგუფში შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, რომელიც აღნიშნული ჯგუფის სამუშაო პროცესშია ჩართული, ეს საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციამ დააყენა, თუმცა ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ დაფინანსების ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში ნაკლებად არსებობს, რადგან ზოგადად საბიუჯეტო დაფინანსების თემა საპარლამენტო არჩევნებზეა მიბმული და არა საპრეზიდენტოზე. 

შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

დღესვე თავისი მოთხოვნები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით წამოაყენა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმაც, რომელიც საარჩევნო კომისიებში ყველა პოლიტიკური ძალისათვის წევრების პარიტეტული წესით დანიშვნას და საპრეზიდენტო კანდიდატებისათვის სატელევიზიო ეთერებში თანაბარი ქრონომეტრაჟის დროს მოითხოვს. გარდა ამისა, ნათელაშვილის აზრით, არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობა სავალდებულო უნდა გახდეს, ხოლო იმ მოქალაქეებს, ვინც არჩევნებზე არ გამოცხადდებიან, ფინანსური სანქციები უნდა დაეკისროთ. გარდა ამისა, ნათელაშვილის თქმით, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში ცესკო ვალდებული უნდა იყოს, რომ გახსნას საარჩევნო ყუთები, რაც არჩევნების გაყალებების პრევენციაა, რადგან როცა კომისიის წევრმა იცის, რომ საარჩევნო ყუთი შესაძლოა გაიხსნას და შედეგები გადამოწმდეს, იგი გაყალბებისაგან თავს შეიკავებს. ლეიბორისტების საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, თუ ეს საკითხები კანონმდებლობაში არ აისახება, არჩევნები გაყალბდება:

“სხვა შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდება, ჩვენ არ ვცნობთ მის ლეგიტიმურობას და დავუძახებთ ხალხს ქუჩაში… მერე ნუ იქნება ეს საწყენი ნურავისთვის”, – აღნიშნა მან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები- შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე და ჯონდი ბაღათურია მოითხოვენ, რომ ივლისის თვეში რიგგარეშე საპარლამენტო სესია დაინიშნოს (რადგან საგაზაფხულო სესია უკვე დასრულდა), რომლის დღის წესრიგიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებით განისაზღვრება.

“ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი თამაშის წესებით წარიმართება ეს საპრეზიდენტო კამპანია. რატომ დანიშნა სააკაშვილმა არჩევნები 31–ში და არა 27–ში, ეს არის მეათეხარისხოვანი თემა. გაცილებით მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დავადგინოთ თანასწორი და სამართლიანი კანონიერი წესები, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო კანდიდატები ერთმანეთს შეერკინებიან. ველოდით, რომ გადაწყვეტილებები საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოესწრო”, – აცხადებს გიორგი თარგამაძე, რომელიც ფიქრობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვას მხოლოდ პოლიტიკური ნება ესაჭიროება შესაბამისი პოლიტიკური აქტორების მხრიდან.

“ჩვენ ინტერფრაქციულ ჯგუფთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მართლა არსებობს მთელი რიგი ხარვეზები როგორც პარტიების დაფინანსების კანონში, ასევე, საარჩევნო კოდექსში. ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციებიც გვქონდა შეთავაზებული და სულ ახლახან დასრულდა ჯგუფის ფორმატში ჩვენი რეკომენდაციების განხილვა. ამიტომ ჩვენც ვფიქრობთ, რომ დროულად უნდა მოახდინოს პარლამენტმა ამ ცვლილებების ინიცირება. ბუნებრივია, ოთხი თვით ადრე არასდროს დანიშნულა არჩევნები, ამიტომ, როგორც ჩანს, უფრო გვიან ფიქრობდნენ კამპანიის დაწყებას, მაგრამ რადგან დაინიშნა, თუ აპირებს პარლამენტი, რომ რამე შეცვალოს წინასაარჩევნო კანონმდებლობაში, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ინიცირება”, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ აცხადებს, რომ ზაფხულის განმავლობაში პარლამენტი საგანგებო სესიის მოწყობას გეგმავს, თუმცა უცნობია, შევა თუ არა დღის წესრიგში საარჩევნო კანონმდებლობის კორექტირების საკითხი. “ნეტგაზეთის” კითხვას, მოსწონს თუ არა ბერძენიშვილს არსებული საარჩევნო კანონმდებლობა, იგი შემდეგნაირად პასუხობს:

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

“კანონმდებლობა საქართველოში კი არა, შეერთებულ შტატებში არ მომწონს, იმიტომ, რომ არჩევნები არასოდესაა იდეალური. ლაპარაკი არის სხვა რამეზე, ერთ და ორ დღეში ვერც სიას გავასწორებთ და ვერც სხვა რამეს, ამის შიშით ახლა არჩევნები არ ჩავატაროთ? იდეალური საარჩევნო კანონმდებლობა არ არსებობს”, – ამბობს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა შეცვლილიყო ის კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

 

“რატომ უნდა შეცვლილიყო? ჩემი აზრით, თუკი მოსახერხებელი გახდა საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, ესე იგი კანონებში არ ყოფილა ხომ საქმე?”

 

მიუხედავად ამისა, დეპუტატის თქმით, თუ კანონში რაიმე სახის ხარვეზები არსებობს, უნდა გასწორდეს, მაგრამ უცნობია, როდის.

რაც შეეხება მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის მიერ მთავრობის წევრის რანგში გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი, შესაძლოა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად იქნეს აღქმული, ბერძენიშვილი ამბობს:

“ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. როგორც კი ის შევა საპრეზიდენტო რბოლაში, თავისი თანამდებობიდან გადადგება”.

 

ივლისის თვეში საგანგებო სესიების დანიშვნის ფაქტს ადასტურებს უმრავლესობის და ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც აცხადებს, რომ  ზაფხულის განმავლობაში პარლამენტი გარკვეულ საარჩევნო საკითხებს განიხილავს, რომელზეც მსჯელობა ინტერფრაქციული ჯგუფის შიგნითაც გაიმართა, თუმცა “ნეტგაზეთთან” საუბარში იგი აცხადებს, რომ შესაძლოა ეს საკითხები არ იყოს ის თემები, რომლის შესახებაც არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს.

 

“საარჩევნო გარემო რომ გამოსასწორებელია, ამას ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით, მაგრამ გარემოს თვალსაზრისით არ იქნება მართალი არ ვთქვათ, რომ დღეს გაცილებით თავისუფალი გარემოა არჩევნებისათვის, რადგან ის მეთოდები, რასაც ნაცმოძრაობა იყენებდა, დღეს ჩვენს გამოყენებაში არ არის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი