“ფრიდომ ჰაუსი” საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით 2013 წელს 49 ქულით აფასებს, წინა წელს ეს 
შეფასება 52–ქულიანი იყო. მაგალითად, აზერბაიჯანის მედიაგარემო “არათავისუფალ” კატეგორიაშია და მინიჭებული აქვს 82 ქულა. იგივე კატეგორიაშია სომხეთი, რომლის სარეიტინგო ქულაა 62.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციით მედიის თავისუფლება გარანტირებულია და ეს არის რეგიონში ყველაზე პროგრესული კანონმდებლობა ამ მიმართულებით. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ხელისუფლების გავლენა 2012 წლის განმავლობაში შენარჩუნებული იყო კერძო მედიასაშუალებებზე, განსაკუთრებით კი მაუწყებლებზე და ეს გავლენა შენარჩუნდა წინასაარჩევნო პერიოდშიც.
“ფრიდომ ჰაუსი” ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდეგ მოსული ხელისუფლება ინფორმაციის გაცემაზე უფრო კარგად რეაგირებდა, ვიდრე მისი წინამორბედი, ასევე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე მედიას საარჩევნო უბნების გაშუქებაზე შეზღუდვები დაუწესა.
ორგანიზაცია ასევე წერს კომუნიაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოპოზიციურ ტელეარხებს არ აძლევდა მაუწყებლობის ლიცენზიას, ხოლო პროსახელისუფლებო არხებს ლიცენზიის გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევდა.
“ფრიდომ ჰაუსი” აცხადებს, რომ საქართველოში რეგიონის მასშტაბით ყველაზე თავისუფალი მედიაგარემოა, თუმცა, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, მედია პოლიტიკურად პოლარიზებულია და მცირეა იმ მედიასაშუალებების რაოდენობა, რომელიც მკითხველს ობიექტურ და დაბალანსებულ ამბებს სთავაზობს. ანგარიშში ასევე საუბარია “მეცხრე არხის” ტექნიკის დაზიანებასა და “მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღებაზე.
ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, გავლენა მაუწყებლებზე შენარჩუნდა, გარდა ტელეკომპანია “იმედისა”, რომელიც დაუბრუნდა მის პირვანდელ მფლობელს. გარდა ამისა, პრემიერ–მინისტრის მეუღლე ოფიციალურად ფლობს “მეცხრე არხს”, თუმცა ტელეარხი დაფინანსებას მილიარდერისგან იღებს.
“ფრიდომ ჰაუსი” წერს 2012 წლის განმავლობაში სარეკლამო ბაზრის პოლიტიზებაზე, ასევე, გაზეთების მცირე სარეკლამო შემოსავალსა და ტელევიზიების ფინანსურ დამოკიდებულებაზე.
“მოსახლეობის დაახლოებით 46%–ს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა 2012 წელს. როცა თბილისში დაფუძნებული გაზეთების უმრავლესობა არ არის აქტიური ინტერნეტში, რეგიონულმა გაზეთებმა განავითარეს თავისი ინტერნეტ გამოცემები. ისეთი ინტერნეტ გამოცემები, როგორებიცაა დამოუკიდებელი Civil.ge, netgazeti.ge და media.ge, მომხმარებელს აწვდიან დაბალანსებულ ახალ ამბებს”, – წერია “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, ახალი ამბების გასავრცელებლად საქართველოში აქტიურად გამოიყენება “ფეისბუქი”.
რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, იქ მცხოვრებ მოსახლეობას ხელი მიუწვდება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მართულ მედიასაშუალებებზე, ხოლო ქართული ტელეარხები მხოლოდ სატელიტით არის ხელმისაწვდომი.
