ახალი ამბები

გიორგი თევდორაძე: დამნაშავეების “ნაციონალურ მოძრაობაში” მოძებნა პოლიტიკური უმეცრებაა

2 ივლისი, 2013 • • 1254
გიორგი თევდორაძე: დამნაშავეების  “ნაციონალურ მოძრაობაში” მოძებნა პოლიტიკური უმეცრებაა

გიორგი თევდორაძე ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოჩა თევდორაძის ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ დამნაშავეების “ნაციონალურ მოძრაობაში” ძებნა პოლიტიკური უმეცრებაა და კარგს არაფერს მოიტანს:

 

“ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციამ, გვინდა სრული პასუხისმგებლოლბით განვაცხადოთ, რომ თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით იმ პროცესებს, რომელიც ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანსა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”  შორის გართულებული ფორმით მიმდინარეობს. ვეუბნებით ერთსა და მეორე მხარესაც, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა ქალაქის წინაშე. დღეს ქუთაისის წინაშე დგას ბევრი გამოწვევა, რომელიც სასწრაფოდ მოგვარებასა და რეაგირებას მოითხოვს. ასევე, მათი პოლიტიკური ამბიციები და ძალაუფლების გადანაწილება, მათი კინკლაობა ქალაქს დააზარალებს. დამნაშავეების მოძებნა ნაციონალურ მოძრაობაში არის პოლიტიკური უმეცრება და კარგს არაფერს  მოგვიტანს.”

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ურთიერთბრალდებები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ამჟამად კი “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ დაიწყო, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთაისის მერის მუშაობა არადამაკმაყოფილებელია და თუ ასე გაგრძელდება, იმპიჩმენტის წესით მოხსნიან. თავის ხმრივ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა განაცხადა, რომ ქალაქს არაფერი ეშველება, სანამ მას “ნაციონალები” მართავენ:

 

“ქუთაისს არაფერი ეშველება მანამ, სანამ მას მართავენ „ნაციონალები“, გარდაქმნილ-გარდაუქმნელები, რომელთა მუშაობის პრინციპი ყველასთვის ცნობილია. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან და არაფრის გაკეთების საშუალებას მაძლევენ, იმპიჩმენტით მემუქრებიან, საუბრობენ ჩემთვის გაუგებარ შეთანხმებებზე, დაპირებებზე, ე.წ. ატკატებზე. მე იმპიჩმენტი არ მჭირდება, იმპიჩმენტი თქვენ გჭირდებათ.”

 

თავის მხრივ, გოჩა თევდორაძემ კოპალიანი “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაში დაადანაშაულა:

 

“ალბათ, ვიღაც მრჩეველი ჰყავს ისეთი, რომელთანაც არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი. მე დღეს მას კიდევ მინდა მოვუწოდო, რომ დაანებოს იმ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირებს თავი, რომელიც დაიწყო მან, რომელზეც ჩვენ აქამდე საუბარი არ გვქონია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი