ახალი ამბები

ყოფილი “ნაციონალები” ქუთაისის მერს “ნაციონალებთან” თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

2 ივლისი, 2013 • • 1865
ყოფილი “ნაციონალები” ქუთაისის მერს “ნაციონალებთან” თანამშრომლობაში ადანაშაულებენ

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე ამტკიცებს, რომ ქუთაისის მერი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კოორდინაციით მოქმედებს. მისი თქმით, შეურაცხყოფის მიყენება მათაც იციან, მაგრამ არ კადრულობენ:

 

“ბატონ დიმიტრის კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა მოახმაროს ქალაქში საქმის კეთებას. მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე იმ პროექტებზე, რომელიც შეჩერებულია. მე მას ვთხოვდი, რომ თავი დაანებოს შეურაცხყოფის მოყენებას, შეურაცხყოფის მოყენება ჩვენც ვიცით, მაგრამ არ ვკადრულობთ. ზედმეტია ყოველდღე იმაზე საუბარი, რომ ამერიკაში განსწავლიულია, უფრო მეტად განსწავლულები არიან საქართველოში. ჯერ ეს სიღრმისეული ხედვა და განსწავლა მისი ვერ დავინახეთ. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ ის დროულად მოეგება გონს, მართლაც მიხედავს ქალაქისთვის საკითილდღეო საკითხებს, დიდ ძალისხმევას მოახმარს საქმის კეთებას და არა – სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.”

 

თევდორაძე აცხადებს, რომ  “ალბათ ვიღაც მრჩეველი ჰყავს ისეთი, რომელთანაც არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი. მე დღეს მას კიდევ მინდა მოვუწოდო, რომ დაანებოს იმ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან კავშირებს თავი, რომელიც დაიწყო მან, რომელზეც ჩვენ აქამდე საუბარი არ გვქონია.”

 

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანი საქართველომ იუმორისტული გადაცემიდან გაიცნო. რაც შეეხება კოპალიანის ბრალდებებს, ნემსიწვერაძე ამბობს, რომ ეს ყოველგვარ მოთმინებას სცილდება:

 

“საქართველომ ძალიან კარგად გაიცნო, თუ ვინ არის ქალაქის მერი, როგორი მერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ იუმორისტული გადაცემებიდან გაიგო მოსახლეობამ ეს ყველაფერი. რაც შეეხება მის გამონათქვამებს, ეს ყოველგვარ მოთმინებას სცილდება, მერი აკეთებს უხერხულ განცხადებებს, რომელიც მას არ შეშვენის. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ ქალაქის საკეთილდღეოდ, სწორი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ჩვენ მას მივეცით გარკვეული დრო, რათა აღმოფხვრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მერიაში არსებობს, მან კი ეს ყველაფერი ვერ გამოიყენა, ვერ გაუძლო ვერანაირ კრიტიკას. ფართო აუდიტორიის წინაშე კი საუბრობს, რომ ის ამერიკიდან ჩამოვიდა, რომ მისთვის დემოკრატიული ღირებულებები ღირებულებებია, სინამდვილეში დიდი ბოღმით  და ყოველგვარი კრიტიკის გაუთვალისწინებლად მას შეუძლია იმოქმედოს არაადეკვატურად.”

 

მისივე თქმით, თუ ინფორმაცია აქვს “ატკატებზე”, შეუძლია სამართალდამცავებს მიმართოს:

 

“მიმართოს ძალოვან უწყებებს, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია და ის მოქმედებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დავალებით, ალბათ იმიტომ, რომ პრაქტიკულად სხვანაირად არ შეიძლება ითქვას. მოდის პირდაპირ შურისძიება ჩვენზე, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” უარვყავით და გადმოვედით “საქართველოს პატრიოტთა ალიანსში”. დღეს ხდება შურისძიება მათი მხრიდან, თუ დავაკვირდებით მერიაში მომუშავე პერსონალს. ჩვენ არა პოლიტიკური მიზნით გვინდა ეს ყველაფერი აიხნას, მაგრამ იგივე ვიცე–მერები მისი ძმაკაცები არიან, რატომ არის ვიცე-გუბერნატორის ადგილი შენახული და ა.შ. და ა.შ.”

 

ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი პარტიის – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ლიდერის გოჩა თევდორაძის განცხადებას კოპალიანის შესაძლო იმპიჩმენტის მოთხოვნის თაობაზე:

 

„არ მეგონა, ჩემს მშობლიურ ქალაქში ასეთი მდგომარეობა თუ დამხვდებოდა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ასეთი უზნეო ხალხის ნახვამ. წლების წინ, როცა ქუთაისი დავტოვე, ასეთი რამ არ ხდებოდა… ქუთაისს არაფერი ეშველება მანამ, სანამ მას მართავენ „ნაციონალები“, გარდაქმნილ-გარდაუქმნელები, რომელთა მუშაობის პრინციპი ყველასთვის ცნობილია. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან და არაფრის გაკეთების საშუალებას მაძლევენ, იმპიჩმენტით მემუქრებიან, საუბრობენ ჩემთვის გაუგებარ შეთანხმებებზე, დაპირებებზე, ე.წ. ატკატებზე. მე იმპიჩმენტი არ მჭირდება, იმპიჩმენტი თქვენ გჭირდებათ,“ – განაცხადა კოპალიანმა.

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ქუთაისის საკრებულოში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს, თუმცა ეს პარტია ქუთაისში არჩევნების შემდეგ იმ დეპუტატებმა შეავსო, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. დიმიტრი კოპალიანი, რომელიც მანამდე აშშ-ში ცხოვრობდა, ქუთაისის საკრებულომ მერის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი