ახალი ამბები

ქუთაისის მერი: ამ ქალაქს არაფერი ეშველება, სანამ მას “ნაციონალები” მართავენ

2 ივლისი, 2013 • 1273
ქუთაისის მერი: ამ ქალაქს არაფერი ეშველება, სანამ მას “ნაციონალები” მართავენ

„არ მეგონა, ჩემს მშობლიურ ქალაქში ასეთი მდგომარეობა თუ დამხვდებოდა. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ასეთი უზნეო ხალხის ნახვამ. წლების წინ, როცა ქუთაისი დავტოვე, ასეთი რამ არ ხდებოდა… ქუთაისს არაფერი ეშველება მანამ, სანამ მას მართავენ „ნაციონალები“, გარდაქმნილ-გარდაუქმნელები, რომელთა მუშაობის პრინციპი ყველასთვის ცნობილია. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩემს გვერდით დგანან და არაფრის გაკეთების საშუალებას მაძლევენ, იმპიჩმენტით მემუქრებიან, საუბრობენ ჩემთვის გაუგებარ შეთანხმებებზე, დაპირებებზე, ე.წ. ატკატებზე. მე იმპიჩმენტი არ მჭირდება, იმპიჩმენტი თქვენ გჭირდებათ,“ – განაცხადა კოპალიანმა.

 

ქუთაისის მერი კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს ქალაქით დაინტერესებას თხოვს:

 

„დაინტერესდნენ ქალაქის ბედით, ვიდრე მავანთ მთლიანად გადაუნაწილებიათ თავ-თავიანთ საკუთრებად. ესენი არიან უზნეო და მექრთამე ხალხი, რომლებიც ყიდიან თავიანთ სამშობლოს. პატიოსან ხალხს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას იმისათვის, რომ რამე გამოსწორდეს ქალაქში.”

 

დიმიტრი კოპალიანი
დიმიტრი კოპალიანი

კოპალიანი მიიჩნევს, რომ მასთან დაპირისპირებულები ადამიანურ დამოკიდებულებას საერთოდ არ აფასებენ:

 

„თქვენ ცნობთ მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებს და მიიღებთ იმას, რასაც იმსახურებთ.“

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა და ქუთაისის მერს იმპიჩმენტით დაემუქრა.

 

“იმედი გვქონდა, რომ მისი პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ქუთაისში სასიკეთო პროცესები დაიწყებოდა, მიუხედავად ამისა, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია. მერის ქმედებები კრიტიკას ვერც ერთ სფეროში ვერ უძლებს. ჩვენ მოვუწოდებთ, დროულად გადადგას ნაბიჯები ქალაქის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი ერთსულოვნებიც ვიყავით მისი არჩევისას, ასეთივე ერთსულოვნები ვიქნებით იმპიჩმენტის გამოცხადებისას,”- განაცხადა თევდორაძემ.

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ქუთაისის საკრებულოში ყველაზე მეტი დეპუტატი ჰყავს, თუმცა ეს პარტია ქუთაისში არჩევნების შემდეგ იმ დეპუტატებმა შეავსო, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. დიმიტრი კოპალიანი, რომელიც მანამდე აშშ-ში ცხოვრობდა, ქუთაისის საკრებულომ მერის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი