ახალი ამბები

კოკი იონათამიშვილი: ამაზრზენი ხარ მიშა

1 ივლისი, 2013 • 1779
კოკი იონათამიშვილი: ამაზრზენი ხარ მიშა

 

“გაოგნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო. ცალსახად მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიმყოფებოდი მასთან ერთად საერთაშორისო დელეგაციაში, ნამდვილად მივმართე წერილობით, მაგრამ არა ამ შინაარსით და არა ამ საკითხზე. აქვე ვადასტურებ, რომ როგორც მას, ასევე, სხვა მაღალჩინოსნებსაც, რომლებთანაც გარდა საქმიანი, ასევე ადამიანური ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია ჩემს ფინანსურ საკითხებზე, ვგულისხმობ ინფორმაციას ჩემი კრედიტის ან ერთადერთ ფირმაში ჩემი წილის არსებობის შესახებ (მით უმეტეს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა). წერილის შინაარსის გამხელას არც დღეს ვაპირებ, მაგრამ ამასთანავე აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო, თუ რა მიზეზები უდევს ჩემს წინააღმდეგ ამწუთას დაწყებულ კამპანიას.

 

ამ კამპანიის სახელია შიში.. შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა თბილისის საკრებულოზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ზოგადად „ნაციოანალურმა მოძრაობამ“ კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია ჩემს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი შეაჩერებს რღვევის პროცესს. მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს – ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტური შეცდომები, რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის მიშა, აღარ.

 

მე ვიყავი ბოლო წუთამდე სოლიდარული პარტიის მიმართ და იმისთვის, რომ ჩემი მხრიდან ფრაქციის დატოვებაში სხვებიც არ „ჩამეთრია“ და ამას შეთქმულების ფორმები არ მიეღო, არცერთ ადამიანთან არ მისაუბრია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. პირადად თქვენ მე მომატყუეთ, როდესაც პარტიაში შემოსვლა 3 წლის წინ შემომთავაზეთ ჩემი საპარლამენტო სიაში „ჩასმის“ ფარგლებში. მე ვიყავი სოლიდარული პარტიასთან მაშინაც, როდესაც მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილებისა პარტიის დატოვების შესახებ, პარტიის ერთ-ერთი „მამის“ ბოდიშის მოხდის და თხოვნის მერე – რომ დავხმარებოდი და არ მიმეტოვებინა ის და პარტია ასეთ რთულ ვითარებაში, გავუწიე ანგარიში და დავრჩი პარტიის წევრად. (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნამდვილად მაინტერესებდა პარლამენტში საქმიანობა, მაგრამ არ აღმიქვამს სიაში არყოფნა ტრაგედიად, უბრალოდ, როდესაც 3- 4- ჯერ თავად გთავაზობენ ამას და შემდგომ არც ასრულებენ და არც გატყობინებენ, ეს ვითარება უზომოდ დამამცირებლად და მიუღებლად მივიჩნიე). მე ვიყავი სოლიდარული პარტიის მიმართ, როდესაც არ ვერიდებოდი ყველაზე კრიტიკულ და მძიმე თემებზე დებატებს თუ გამოსვლებს და თქვენს გარდა ეს არც არავისთვის დამიმადლებია.

 

მახსოვს, თქვენს მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ეპითეტები, რომლებზეც მე მიხუმრია, დედაჩემსაც არ ვუქივარ ასე-თქო. ყველაზე გრანდიოზული – როდესაც თქვენ მინიმუმ 50- კაციან საზოგადოებაში თქვით, რომ სწორედ მე ვიყავი მთავარი ავტორი თქვენი საპრეზიდენტო გამარჯვებისა 2008 წელს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ადამიანები კი არა, ძირითადად, რიცხვები გაინტერესებთ. ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ „ძვირფასია“ ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს, რომ დატოვონ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ.

 

დაბოლოს, კიდევ თუ დარეკავთ, აუცილებლად შეგხვდებით. მაგრამ აწი რა გაქვს სათქმელი, მაინტერესებს. ჩემსას კი აქვე გეტყვი – ამაზრზენი ხარ მიშა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

დღეს, 1 ივლისს, მას შემდეგ, რაც კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერილი, რომლის თანამხმადაც კოკი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კომპანია შპს საბურთალო 2007–ში კუთვნილი 2 პროცენტის გასხვისებაში დახმარებას სთხოვს და წილის გასხვისების სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის მიღება სურს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი