ახალი ამბები

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა განაახლა

1 ივლისი, 2013 • 1066
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა განაახლა
 
განცხადებას ამის შესახებ კომისია ავრცელებს. 


კომისიის მუშაობას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონალური და ინფრასრუქტურული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის პირველი მოადგილე კახებერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი
შედიან.
 
 
როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, კომისია  საარჩევნო პროცესის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობებს შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ წინადადებებს და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, ასევე, რეაგირებას მოახდინს სხვა გამოვლენილ ფაქტებზე.
 
 
“ამ მიზნით კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა სუბიექტებთან ითანამშრომლებს.
 
 
თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი პირველად, პრეზიდენტის ინიციატივით, 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორსა და მთავრობას შორის თანამშრომლობის ეს ფორმატი 2008 წლის 21 აპრილის საპარლამენტო და 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ეფექტურად მუშაობდა, რის გამოც მისი ინსტიტუციონალიზაცია საკანონმდებლო დონეზე მოხდა და უწყებათაშორისი კომისიის შექმნის ვალდებულება ახალ საარჩევნო კოდექსში აისახა,”- ნათქვამია კომისიის განცხადებაში. 

 
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის შესახებ (27 ოქტომბერი) განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს, 1 ივლისს გაკეთდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი