ახალი ამბები

ქუთაისის ახალ მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან

1 ივლისი, 2013 • • 1010
ქუთაისის ახალ მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ქუთაისის საკრებულოში ყველაზე მეტი წევრი ჰყავს. ქალაქის მერად დიმიტრი კოპალიანის არჩვა რამდენიმე კვირის წინ უშუალოდ მათი ერთსულოვანი მხარდაჭერით მოხდა. როგორც პარტიაში განმარტავენ, მათი ნაბიჯი მართებული იყო:

 

“ვთვლიდით, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კანდიდატისადმი მათი ნდობის ხარისხი უფრო მაღალი იქნებოდა, რაც ხელს შეუწყობდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების მოზიდვას. აგრეთვე, ახალი მერის მოსვლის შემდეგ ქალაქში დაიწყებოდა კრეატიული პროცესები, ეფექტურად განვითარდებოდა ეკონომიკა,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე ჟურნალისტებს დაურიგეს.

 

“პატრიოტები” პასუხისმგებლობას იხსნიან მერიის რეორგანიზაციის საკითხზე, რასაც მერიიდან 85 თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა, თუმცა, როგორც მერი აცხადებს, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება:

 

“ჩვენი ინიციატივით დაიწყო მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომლის მიზანი სამსახურების ოპტიმიზაცია, მერიის პერსონალის რაოდენობის შემცირება და აღმასრულებელი ორგანოს კვალიფიციური, ინტელექტუალური კადრებით დაკომპლექტება იყო. თუმცა, აქვე დავაზუსტებთ, ფრაქცია კონკრეტული პერსონების საქმეში არ ჩარეულა. მერიის თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვება მხოლოდ და მხოლოდ მერის პრეროგატივაა. აღნიშნული პროცესი უშუალოდ მისი გადაწყვეტილებით ხორციელდება.” 

 

“იმედი გვქონდა, რომ მისი პროგრამის წარმოდგენის შემდეგ ქუთაისში სასიკეთო პროცესები დაიწყებოდა, მიუხედავად ამისა, დღეს ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია. მერის ქმედებები კრიტიკას ვერც ერთ სფეროში ვერ უძლებს. ჩვენ მოვუწოდებთ, დროულად გადადგას ნაბიჯები ქალაქის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორი ერთსულოვნებიც ვიყავით მისი არჩევისას, ასეთივე ერთსულოვნები ვიქნებით იმპიჩმენტის გამოცხადებისას,”- ამბობს პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი