მომსახურების ცენტრები დღეს, 1 ივლისს გაიხსნა. აქ 1 ივლისიდან დაზღვეულ მოქალაქეებს შეუძლიათ გეგმიური ოპერაციებისთვის სამედიცინო დაწესებულებებიდან ფორმა 100 და კალკულაცია მიიტანონ. 2-3 დღეში კი, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტში აცახდებენ, მოქალაქეებს ცენტრის თანამშრომლები შეატყობინებენ ოპერაციის დაფინანსების საკითხს.
მომსახურების ცენტრები დღეიდან მუდმივად, დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 18:00 საათამდე იფუნქციონირებს. პირველი ცენტრი თბილისში, წერეთლის გამზირზე, ექსპო-ჯორჯიაში, თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა.
ამ დროისთვის თბილისის გარდა ცენტრები საქართველოს კიდევ 10 ქალაქში არის გახსნილი.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან, 1 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი დაიწყო. პროგრამაში ჩართულია ყველა ის 6- დან 60 წლამდე მოქალაქე, ვისაც მიმდინარე წლის 1 თებერვლამდე არანაირი ტიპის სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან ეს მოქალქეები ბევრად გაფართოებული უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. კონკრეტულად კი, სახელმწიფო დაზღვეულებს ექიმ-სპეციალისტებთან ( ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი) ვიზიტს, კვლევებს (ელექტროკარდიოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია), ლაბორატორიულ კვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიოფერიულ სისხლში, კრეატინნი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, ანალიზი ფარულ სისხლდებაზე, პროთრომბინის დრო, ღვიძლის ფუნქციური სინჯები, ფარისებრი ჯირკვლის თირეოტროპული ჰორმონი) აუნაზღაურებს.
გარდა ამისა, საყოველთაო დაზღვევის მოსარგებლეებს საშუალება მიეცემა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებაც მიიღონ 70%-იანი დაფინანსებით.
რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, რომელთა უფასოდ გაკეთებაზე სწორედ დღეს გახსნილ მომსახურების ცენტრებში მოქალქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ოპერაციების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომელიც 70%-იანი თანადაფინანსებით უნდა დაიფაროს.
ასევე, მოქალქეებმა პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე უნდა მიიღონ შეღავათები. კერძოდ, 12 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში სახელმწიფო დააფინანსებს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სხივურ თერაპიას, პროცედურებთან დაკავშირებულ გამოკვლევებს და მედიკამენტებს.
დღეიდან სახელმწიფო 500 ლარის ფარგლებში ფიზიოლოგიურ მშობიარობას და 800 ლარის ფარგლებში საკეისრო კვეთასაც დააფინანსებს.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მოქალაქეებს გულის ოპერაციებსაც დაუფინანსებს.
“კარდიოქირურგიული ოპერაციები დაფინანსდება. ასევე დაფინანსდება ინტერვენციები, ანგიოგრაფია (სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი), კარტირება, სტენტირება. გაგრძელდება ასევე ბავშვთა გულის თანდაყოლილი მანკების ოპერაციები,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა 26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის მოსარგლებლეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.