Interviewsახალი ამბები

რუსეთის ფაქტორი და ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობა – ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან

12 ნოემბერი, 2017 • 3631
რუსეთის ფაქტორი და ტრამპის იმპიჩმენტის შესაძლებლობა – ინტერვიუ ბათუ ქუთელიასთან

დონალდ ტრამპის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან 1 წლის შემდეგაც აქტუალურია მისი ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებული კითხვები. დღის წესრიგში საკითხი კიდევ ერთხელ ე.წ. “სამოთხის დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ დადგა, რომელთა მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნისა და აშშ-ში ოფიციალურად სანქცირებული რუსული კომპანიის შესაძლო კავშირი გამოიკვეთა. ამ და სხვა პროცესების ფონზე, ამერიკული მედიაში პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზეც საუბრობენ, რომელიც პოლიტიკურ დონეზე არ ასულა, თუმცა საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერით სარგებლობს. მაგალითად, ამერიკელი მილიარდერის, ტომ სტეიერის კამპანიას იმპიჩმენტის მხარდასაჭერად უკვე 2 მილიონამდე მომხრე ჰყავს.
არსებობს თუ არა სამართლებრივი წინაპირობები პროცედურის დასაწყებად, როგორია განწყობები ორპარტიულ სენატსა თუ წარმომადგენლობით პალატაში და რამდენადაა მოსალოდნელი მისი გააქტიურება პოლიტიკურ დღის წესრიგში? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთს” ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი და საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ბათუ ქუთელია ესაუბრა:

“Paradise Papers”-ში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის რუსულ კომპანიასთან კავშირზეა საუბარი, რომელიც აშშ-ში ოფიციალურადაა სანქცირებული. შეიძლება თუ არა აღნიშნული გარემოება ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის ერთ-ერთ წინაპირობად განვიხილოთ?

მოდით, ორად გავყოთ იმპიჩმენტისა და “სამოთხის ქაღალდების” თემა. რაც შეეხება ზოგადად იმპიჩმენტს, მას აქვს აშშ-ის კანონმდებლობით ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმები და მთავარი კრიტერიუმი არის კანონის უხეში დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, რაც დღეს არსებული ინფორმაციით არ დასტურდება. პოლიტიკურ დისკურსში არის, რა თქმა უნდა, მცდელობა ოპონენტების მხრიდან, რომ ეს საკითხი უფრო გააბუქონ. თუმცა, რეალურად, დღეს რა ინფორმაციაც არის საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი, არანაირად არ მიანიშნებს იმაზე, რომ იმპიჩმენტისკენ წავიდეს პროცესი.

ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია მძიმე არ არის. მაგრამ სიმძიმე გამოიხატება აბსოლუტურად სხვა რამეში:  ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც არის რუსეთი, რომელიც კორუფციული გზით, სახელმწიფოს გაღლეტით, შავ ფულს ათავსებს ოფშორულ ზონაში, ამ კორუფციულ ფულს იყენებს სხვა სახელმწიფოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის  მოხდენის მიზნით; ის პოულობს პარტნიორებს პოლიტიკურ “ისტებლიშმენტში”, თუნდაც აშშ-ში ან ევროპაში, დემოკრატიულ პარტიაში თუ რესპუბლიკურ პარტიაში. ეს უკვე საგანგაშოა და ნიშნავს, რომ  გარკვეული ფილტრები, სტანდარტები, თუ რა ტიპის ოპერირებაა დაშვებული პოლიტიკოსისთვის ან თუნდაც ბიზნესმენისთვის, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო აშშ-ში, დღეს გაფერმკრთალებულია.

შესაბამისად, გამოძიება, რომელსაც მიულერი აწარმოებს, ასევე “სამოთხის ქაღალდების” გამოქვეყნება, ეს არის კარგი საშუალება იმისთვის, რომ ბოლო დეკადის, 8-10 წლის განმავლობაში, რაც რუსეთმა შეჟონა პოლიტიკურ სპექტრში თავისი შავი ფულით, ოფშორული ზონებით თუ სხვადასხვა კორუფციული სქემებით, მოხდეს ამ სისტემის ბოლომდე დეზინფექცია; იმისთის, რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემა გაჯანსაღდეს და ყველა ეს არხი, რის საშუალებითაც რუსეთი ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, იყოს დაყვანილი მინიმუმამდე. ეს მანამდეც ხდებოდა სხვადასხვა დოზით, თუმცა ახლა მასშტაბები, როგორც ჩანს, არის საგანგაშო. ახლა მიულერის კომისიის ამოცანა, ჩემი გადმოსახედიდან, არის სწორედ ის, რომ გარდა კონკრეტულად ტრამპის ადმინისტრაციის კავშირებისა,  როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის მხარეს, სადაც ასეთ “პოლიტიკურ საცეცებთან” გვექნება საქმე, მთლიანად მოხდეს სისტემის დეზინფექცია. ეს გააჯანსაღებს აშშ-ის პოლიტიკას და კიდევ უფრო ძლიერს გახდის აშშ-ის თუ მისი პარტნიორების პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ, სანქციებით თუ სხვა ხერხებით; რადგან, როგორც ჩანს, სწორედ ამ კორუმპირებულ, ოლიგარქიულ სქემას რუსეთი იყენებს და იყენებდა სანქციების შესამცირებლადაც.

ვსაუბრობთ საკმაოდ მკაცრ სანქციებზე, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაუწესდა რუსეთს, თუმცა სახეზეა რუსული ფულის სავარაუდო შედინებაც აშშ-ის პოლიტიკაში. რაზე მიანიშნებს ეს? შეიძლება ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ორმაგ თამაშთან ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან? 

არ მგონია. ორმაგ თამაშთან არ გვაქვს საქმე. პირველი და მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც შეიძლება გავაკეთოთ და რომელიც ჩვენი სახელმწიფოსთვისაც სამომავლოდ გამოსადეგია, არის შემდეგი: ინსტიტუციებზე დაფუძნებული სახელმწიფო არის ძლიერი და მიუხედავად ასეთი ძლიერი შეტევისა შავი ფინანსებით პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ინსტიტუციები უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე ინდივიდუალური პოლიტიკოსები; სწორედ ამ პირობებში, აშშ-ის კონგრესმა, ორპარტიული მხარდაჭერით, ძალიან ეფექტური სანქციების რეჟიმი შექმნა, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, რომ ეს არ მომხდარიყო. ამას მოაწერა ტრამპმა ხელი, რისი დიდი სურვილი არ ჰქონდა, თუმცა ინსტიტუციების მიერ დაძრული პოლიტიკური პროცესი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერ შეეწინააღმდეგა. შემდეგ იყო ზეწოლა იმაზე, რომ [ტრამპს] სწრაფად დაეწყო სანქციების იმპლემენტაცია და, როგორც ჩანს, ეს ფაზაც დაიწყო, რადგან ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა დეტალური სია იმ ინდივიდებისა თუ იურიდიული პირებისა, ვისაც ეს სანქციები შეეხება. ფაქტია, რომ პროცესი მიმდინარეობს და მიუხედავად მცდელობებისა, არ შეჩერებულა. მომავალი გვიჩვენებს, თუ სად წავა მიულერის გამოძიება და რომელ პოლიტიკოსებს შეეხება, თუმცა პროცესები გვაჩვენებს, რომ ინსტიტუციური პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ სწორად.

ვინაიდან მიულერის გამოძიება ვახსენეთ, რას ფიქრობს, მოსალოდნელია თუ არა, რომ პროცესს, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურებიც შეეწირონ?

როგორც ჩანს, უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები შეეწირნენ მას. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მაიკლ ფლინის სკანდალი, რომელიც აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. ასევე, ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი… ტრამპის უახლოესი წრე, რომელსაც მოუწია პასუხისგება. გარკვეული ნაწილის მიმართაც, რომელიც ამჟამად პოლიტიკურად ძლიერ პოზიციებზე რჩება, გაჩნდა შეკითხვები. ეს ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად მათი წვლილისა თუნდაც ამჟამინდელი ადმინისტრაციის გამარჯვებაში, არ გააჩნიათ არანაირი იმუნიტეტი იმ ინსტიტუციურ-სამართლებრივი პროცესისა, რაზეც დგას აშშ-ის სახელმწიფო. ვნახოთ, საით წავა პროცესი; მათი დინამიკა და ტრაექტორია მიანიშნებს იმაზე, რომ ის უფრო გააჯანსაღებს აშშ-ის პოლიტიკურ სისტემას და გააძლიერებს როგორც მის, ისე მისი პარტნიორების პოზიციებს.

იმპიჩმენტის საკითხს დავუბრუნდეთ. შეიძლება ითქვას, რომ თემა აქტუალურია ტრამპის გაპრეზიდენტებიდან დღემდე, როგორც ამერიკულ მედიაში, ისე საზოგადოებაში; მაგალითად: მილიარდერმა ბიზნესმენმა ტომ სტეიერმა ცოტა ხნის წინ წამოიწყო კამპანია პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდასაჭერად, რომელშიც 20 მილიონი დოლარი ჩადო და შესაბამის პეტიციას უკვე 2 მილიონამდე მხარდამჭერი ჰყავს. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობები და ავიდა თუ არა საკითხი პოლიტიკურ დონეზე ბოლო 1 წლის განმავლობაში.

ნებისმიერ ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში ასეთი ტიპის ჯგუფებს და მათ მცდელობას, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე, აქვს გარკვეული შედეგი. ჯერჯერობით, მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იმპიჩმენტი არ არის იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ არ არსებობს სამართლებრივი წინაპირობები ამისა. თუ სამომავლოდ გამოჩნდება არგუმენტები, რომლებიც მათ ინტერესებს გააძლიერებს, ბუნებრივია, ეს პროცესი წავა იმპიჩმენტისკენ. იმავე ნიქსონის შემთხვევასაც თუ გავიხსენებთ, მაშინ დაძრული იყო იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ რეალურ იმპიჩმენტამდე ის არ მივიდა, რადგან დროში გაიწელა. მას ჰქონდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა და არჩია, თვითონ გადამდგარიყო. დაახლოებით იგივე პროცესი შეიძლება აქაც განვითარდეს, თუკი გამოჩნდება ისეთი არგუმენტები, რომლებიც მას ძირითად პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაიტანს. დღეს ეს არის მარგინალური კომპონენტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კონგრესმენი და საზოგადოების ნაწილი აქტიურობს ამ მხრივ. მეორეც, როგორც უკვე ვთქვით, პროცესი დროში იმდენად გაწელილია, რომ შეიძლება, მეორე საპრეზიდენტო არჩევნებამდე მივიდეს. ასე რომ, თეორიულადაც კი პატარა შანსია. თუმცა ვიმეორებ, შესაძლოა, მიულერის კომისია ისეთ აღმოჩენამდეც მივიდეს, რომ თავდაყირა დადგეს პროცესი. ამას უნდა დაველოდოთ.

ახსენეთ ნიქსონის შემთხვევა. საინტერესოა, დღევანდელი რეალობა იძლევა თუ არა იმის შესაძლებლობს, რომ გარკვეული პარალელები გავავლოთ ორი პრეზიდენტის მდგომარეობას შორის?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმპიჩმენტის წინაპირობა არის კანონის უხეში დარღვევა. პარალელები რომ გავავლოთ, უნდა გვქონდეს ფაქტი. ნიქსონს დაუმტკიცდა, რომ დაარღვია კანონი, თანაც ძალიან მძიმედ და მთავარი დემოკრატიული ფასეულობა ხელყო. პარალელს ზუსტად ამიტომ ვერ გავავლებთ, რადგან დღეს არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ ეს რუსული კავშირები რაიმე ფორმით მიდის ტრამპამდე, ან ის, რომ მან რაიმე კანონი დაარღვია.

ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მომენტი არის ის, რომ არასდროს არის პარტიაში ერთგვაროვანი განწყობები. ისევე, როგორც ობამას დროს დემოკრატებს შორის, ახლაც რესპუბლიკელებს შორის შეინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა საინტერესოა, არის თუ არა წინააღმდეგობრივი განწყობები იმდენად ძლიერი, რომ ამ ფაქტორმა რაიმე გავლენა მოახდინოს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ვინაიდან რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა სენატშიც და წარმომადგენლობით პალატაშიც.

როგორც გითხარით, იმპიჩმენტი არ არის მთავარი განსახილველი თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში. შესაბამისად, რესპუბლიკელებში ახლა სულ სხვა დინამიკაა. ეს დინამიკა იმ შუალედურმა არჩევნებმაც გამოაჩინა, რომელშიც რესპუბლიკელებმა წააგეს რამდენიმე ძირითადი შტატი, სადაც აქამდე იმარჯვებდნენ.

ეს არის ამერიკული პოლიტიკის სპეციფიკა, რომ მიუხედავად ორპარტიული სისტემისა, ძალიან ბევრი შიდაპარტიული ფრაქციაა, რომელთა ხედვები ხშირად რადიკალურად განსხვავდება. ტრამპი უფრო ექსტრემალური მოვლენაა და რა იდეის გარშემო გაერთიანდებიან რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლები, გამოჩნდება იქიდან, რამდენად შეძლებს ტრამპი თავისი რეიტინგის შენარჩუნებას. თუ ტრამპის მხარდაჭერა წამგებიანი იქნება ცალკეული პოლიტიკოსებისთვის, მაშინ, შესაძლოა რესპუბლიკურ პარტიაში სხვა ძვრები დაიწყოს, გამოჩნდეს ახალი ლიდერი და მოხდეს ახალი ცენტრის გარშემო გაერთიანება. თუკი ტრამპის რეიტინგი იქნება ისეთი, რომ მისი მეშვეობით პარტია მოიგებს ადგილობრივ არჩევნებს, მაშინ პრეზიდენტი დარჩება ლიდერად და რესპუბლიკელ პოლიტიკოსებსაც მისი იდეების გარშემო მოუწევთ გაერთიანება. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უფრო პირველი ვარიანტია მოსალოდნელი და დემოკრატების გამარჯვებამ ბოლო შუალედურ არჩევენბში გამოავლინა ეს პროცესი. ძალიან საინტერეს პროცესი და ვნახოთ, ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი