ახალი ამბები

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ბიზნესკავშირები პუტინის სიძესთან – Paradise Papers

6 ნოემბერი, 2017 • 2278
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის ბიზნესკავშირები პუტინის სიძესთან – Paradise Papers

ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ახალი  დოკუმენტების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს ბიზნეს-კავშირები აქვს აშშ-ის მიერ ოფიციალურად სანქცირებული რუსი ბიზნესმენების კომპანიასთან, მათ შორის ვლადიმირ პუტინის სიძესთან. ჟურნალისტთა საგამოძიები ქსელი აცხადებს, რომ ეს საიდუმლო ოფშორული დოკუმენტებია, რომლებმაც გაჟონა.

სამოთხის ქაღალდები – ასე ჰქვია საგამოძიებო სტატიების ახალ სერიას, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დღეს გამოაქვეყნეს. ამ დოკუმენტების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის ვაჭრობის მდივან ვილბურ როსს ბიზნეს-ინტერესი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ ნავიგატორ ჰოლდინგსში, რომელიც თავის მხრივ კონტრაქტითაა დაკავშირებული რუსულ ენერგეტიკულ კომპანია სიბურთან. ნავიგატორი სიბურისთვის გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს და მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს.

სიბურის ორი მეწილე, გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიქელსონი სანქცირებულია აშშ-ის მიერ, ტიმჩენკო- ინდივიდუალურად, მიქელსონის შემთხვევაში სანქცირებულია მისი უმთავრესი კომპანია ნოვატეკი. მიქელსონი ინდივიდუალურად სანქცირებული არ არის.

გამომძიებელი ჟურნალისტების ქსელის ინფორმაციით, ტიმჩენკო პუტინის ძველი მეგობარია. სიბურს, რომლის მეშვეობითაც ნავიგატორი მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს, მესამე მეწილეც ჰყავს – კირილ შამალოვი (წილის 3.9%), რომელიც პუტინის ქალიშვილის, ეკატერინა პუტინას ქმარია.

თვითონ კომპანია სიბური და შამალოვი აშშ-ს სანქცირებულ რუს ბიზნესემებისა და კომპანიების სიაში არ ჰყავს შეყვანილი, თუმცა იქ არის შამალოვის მამა – ნიკოლაი.

 

BBC-ის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ზემოხსენებული ცნობა არ უარყვიათ და განაცხადეს, რომ “როსი დეპარტამენტის ეთიკის თანამშრომლებთან მუშაობს იმისათვის, რომ უმაღლესი ეთიკური სტანდარტები უზრუნველყოს”.

აშშ-მა რუსეთს სანქციები მას შემდეგ დაუწესა, რაც ამ უკანასკნელმა ყირიმის ანექსია განახორციელა 2014 წელს. მოგვიანებით ამას დაემატა ახალი სანქციები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო მონაწილეობის გამო.

ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ როსი არასდროს შეხვედრია სიბურის მფლობელებს.

“ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ წარმოშობს შეკითხვებს ტრამპის გუნდის რუსულ კავშირებზე. ის მსგავს ბრალდებებს fake news-ს [ყალბი ინფორმაცია] უწოდებს”, – წერს BBC.

 

 

გამოცემა წერს, რომ ვილბურ როსი და ტრამპი ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ და საქმიანი ურთიერთობები აქვთ.

“რომ არ ყოფილიყო ვილბურ როსი, ტრამპი თეთრ სახლში არ იქნებოდა”, – ამბობს ტრამპის ბიოგრაფისტი დევიდ კეი.

გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ვილბურ როსი ნავიგატორის ჰოლდინგთან მისი კომპანიის WL Ross & Co-ის მეშვეობითაა დაკავშირებული. ნავიგატორში ამ კომპანიამ პირველი ინვესტიცია 2011 წელს განახორციელა. 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ნავიგატორის 31.5%-ს ფლობენ კომპანიები, სადაც ვილბურ როსს წილი აქვ, თუმცა უშუალოდ ნავიგატორში მისი წილის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი