“საქართველოს პარლამენტში დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე, საქმე ეხება მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო მიწის უცხოეთის მოქალაქისთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს თემა და საკითხი ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სწორედ რომ განსაკუთრებითაა დარეგულირებული და ბევრგან საერთოდ აკრძალულია საკუთრებაში მიწის გადაცემა. ამიტომ პარლამენტმა მივიღეთ გადაწყვეტილება მორატორიუმის გადაწყვეტილების თაობაზე, ეს არანაირად არ ეხებათ იმ მესაკუთრეებს, რომელთაც დღემდე კანონით დადგენილი წესით ჰქონდათ შეძენილი მიწის ნაკვეთები. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ვერც საქართველოს მოქალაქე და ვერც უცხოეთის მოქალაქე უცხოელზე მიწას ვერ გაყიდის. მიწა შეიძლება გადეცეს ხანგრძლივი იჯარით, სხვა პირობებით”.– განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება არ არის ინვესტიციების საწინააღმდეგოდ მიმართული, არამედ მის მოსაზიდად:
“სასოფლო–სამეურნეო მიწა არ უნდა იყოს სპეკულაციის საგანი, როგორადაც ის იქცა საქართველოში. ამასთანავე ჩვენ უნდა გავითვაალისწინოთ ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა. ის, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დღეს სიღატაკის ზღვარზეა და მზადაა ჩალის ფასად გაყიდოს მიწა, არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგაც ასე იქნება. ამიტომ ამ მძიმე პერიოდში სხვაგვარად უნდა დავეხმაროთ სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს. და მივცეთ მათ საშუალება იშრომონ. როცა ქვეყნის მოსახლეობის 50%–მდე სწორედ სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს, ასეთ შემთხვევაში მოსახლეობის უმიწოდ დატოვება, ეს არ არის სწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ საკითხის ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ მივიღებთ”
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით და საბოლოოდ ის ინიციატივა დაამტკიცეს, რომელიც უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის შეჩერებას ითვალისწინებს. პარლამენტმა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
27 ივნისს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ, რომელიც ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, “ნეტგაზეთის” კითხვაზე, კანონით ვრცელდება თუ არა მორატორიუმი იმ პირებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობენ, ასეთი პასუხი გასცა:
“თუ საქართველოში ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა, არ ეხება. თუ საქართველოს მოქალაქეა და წავიდა და ამერიკაში მიიღო მოქალაქეობა, იმან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ხომ? თუ ამერიკელი მოქალაქეა და აქ პრეზიდენტმა მიანიჭა მას მეორადი მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეა, რა თქმა უნდა, და შეუძლია მიწის ყიდვა.”
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 8 458 პირს, მათ შორის უმრავლესობა – 6527 რუსეთზე მოდის. 2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის 25 314 მოქალაქისთვის აქვს მინიჭებული ქვეყნის პრეზიდენტს, ანუ ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა სულ 33 772-მა პირმა მიიღო.