“მინდა მოგმართოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, რომელიც სტატისტიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა და რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა 0%–ზე ჩამოვიდა მაისის თვის მონაცემებით. იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ თბილისში მეტი ზრდაა, ვიდრე რეგიონებში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სტაგნაციაა დაწყებული. არასოდეს, შევარდნაძის დროის შემდეგ, გარდა ერთი გამონაკლისისა (2008 წლის კრიზისის და ომის წელი), საქართველოს ეკონომიკა არ ყოფილა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაში.
მთელი ეს პერიოდი შეგნებულად ვიკავებდი თავს ეკონომიკური ინიციატივებისგან, ეკონმიკაზე დეტალური კომენტარებისგნ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრი ყველაფერს პირიქით გააკეთებდა, ზუსტად ისეთ რეაქციას აძლევს ყველა ჩემ წინადადებას, რომ ყველაფერი საწინააღმდეგოდ უნდა, რომ გააკეთოს. ეს თავისთავად უჩვეულო მდგომარეობა ურთიერთობების, მაგრამ სამწუხარო რეალობაა ჩვენი. ახლა ეს უკვე აღარ არის ეკონომიკური ან მიმდინარე პოლიტიკური საკითხი. თუ საქართველოს ეკონომიკამ გააგრძელა ჩამოშლა იმ ტემპით, რომელსაც ის ახლა ახდენს, ეს უკვე გახდება საქართველოს ეროვნული უსაფრთოების საკითხი და ჩვენ ძალიან ადვილი ლუკმა გავხდებით საქართველოს არაკეთილმოსურნეების, საქართველოს დამპყრობლების”.
მისი თქმით, რამდენიმე საკითხია, რამაც საქართველო ეკონომიკური სტაგნაციის პირას მიიყვანა. პრეზიდენტმა პირველ რიგში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება დაასახელა:
“ეს არის ლაზიკის პორტის შეჩერება, ყარსი– ახალქალაქის რკინიგზის ფაქტობრივად შეჩერება, იმიტომ, რომ წელს უნდა დამთავრებულიყო და გადადებულია, ეს ნიშნავს ფაქტობრივ შეჩერებას”.
მეორე მიზეზად მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს რეპუტაციის საერთაშორისო ასპარეზზე გაუარესება დაასახელა, რაც, მისი თქმით, ინვესტორებზე გავლენას ახდენს:
“შევარდნაძის დროის შემდეგ არ მსმენია ასეთი კრიტიკა ჩვენი ქვეყნის, როგორიც გვესმის ბოლო თვეების, კვირების, დღეების განმავლობაში”
მან ასევე ერთ–ერთ მიზეზად საკანონმდებლო ცვლილებები დაასახელა.
“შრომის კოდექსი, რომელიც ნამდვილად არ ასახავს საქართველოს ეკონომიკურ რეალობას და სხვა ცვლილებები, რომელი მკვეთრად აუარესებს სიტუაციას. მიზეზია ასევე კრიმინალური ფონის გაუარესება, კრიმინალების ციხიდან გამოშვება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.”
“ჩემი რჩევა და მოწოდებაა, პირველ რიგში, განახლდეს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები, ლაზიკის პორტს, თუ პრემიერ–მინისტრს ასე სურს, შეუძლია დაარქვას ნიუჭორვილა, ამას ხუმრობით ვამბობ, სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ჭირდება ახალი დიდი პორტი, ჩვენ გვქონდა შანსი ავღანეთიდან ტვირთების გამოტანის, ჩვენ გვქონდა მკვეთრი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების შანსი, ნაცვლად ამ სტაგნაციისა. სამეგრელოსთვის, გურიისთვის, დასავლეთ საქართველოსთვის ეს პორტი ამოსუნთქვაა. არ შეიძლება სააკაშვილი ჯინაზე ამ პროექტის მოკვლა. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში პარლამენტის გადმოტანა ქუთაისიდან. ვიცი, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოტანაზე დაიწყეს ლაპარაკი ბათუმიდან. ეს პროექტები იყო რეგიონების განვითარებისთვის, რადგან რეგიონების განვითარებას საქართველოს სწრაფი განვითარება მოყვება”.
მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის შრომის კოდექსზე, და დაუყოვნებლივ უნდა განიხილონ კონომიკური საქმიანობის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური ამნისტია.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება. 11%–იან ზრდას ვვარაუდობდით წელს ერთიანი ეროვნული პროდუქტის, შარშან ფაქტიურად გარანტირებული იყო 8%–იანი ზრდა. როგორ უნდა მოახერხო, მსოფლიოს დიდი კრიზისის გარეშე, ვინმემ ამიხსნას 11%–იანი ზრდის ნულზე ჩამოყვანა? ამას მართლაც განსაკუთრებული მოხერხება ჭირდება. ეს ჩვენი ხალხის ჯიბეზე, ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ მნიშვნელოვანია მთავრობა გამოფხიზლდეს. ჩვენ მთავრობას დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი, მაგრამ პრემიერ–მინისტრმა დახარჯა იგი გაუაზრებელ, პოპულისტურ ნაბიჯებზე. ჩაიყარა ფული უფასო ხვნის პროგრამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მოხნული ფართობების დიდ ნაწილზე არ დათესილა და მოსავალი არ იქნება. ამ ფულის ხარჯვას შედეგად საქართველოს განვითრება აღარ მოყვება, ეს არის ფაქტი. პრემიერი აპირებს, ეტყობა, ჩვენი დატოვებული მილიარდები ამ პროექტებს მიაფშვნას, მერე ხელი დაიბანოს, წავიდეს და თქვას, მე კარგი კაცი ვიყავი, რაც შემეძლო მოგეცით. ის აძლევს იმას, რაც წინა მთავრობამ დატოვა, ეს იყო საქართველოს განვითარების და მომავლის პროექტები”.
პრეზიდენტი მოუწოდებს პრემიერ–მინისტრს, რომ ახლა ის დროა, როცა მასშტაბურად ჩადოს თუნდაც თავისი ფული ეკონომიკაში.
“საქართველოს მომავალზეა საკითხი, მე იმედი მაქვს, რომ პრემიერი აცნობიერებს, ამ მძიმე და ეკონომიკურად წამგებიანი ნაბიჯების შედეგად რომც წავიდეს მთავრობიდან, გვიტოვებს ძალიან მძიმე უსაფრთხოების ფონს და საქართველოს აქცევს ძალიან ადვილ მსხვერპლად დამყრობლისათვის. არ მგონია, იმედია, რომ ეს არ არის მისი განზრახვა”.
პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს მთავრობას აღნიშნულ საკითხზე დეტალურად ესაუბროს.





