ახალი ამბებიეკონომიკა

ლარის რყევა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევის შედეგია – ფინანსთა სამინისტრო

10 ნოემბერი, 2017 • 2562
ლარის რყევა ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევის შედეგია – ფინანსთა სამინისტრო

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლარი დოლართან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება. ფინანსთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის თქმით, ეს ლარის მოკლევადიანი რყევაა, რაც განპირობებულია ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევით. ხოლო მეორე მოადგილის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში იგულისხმება 1 წლამდე პერიოდი.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც უნდა უზრუნველყოს გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა, გაუმჯობესებულია.

“ვინაიდან ფუნდამენტური ფაქტორები გვაქვს სტაბილურად დადებითი მთელი წლის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის მოკლევადიანი რყევები. აღნიშნული მოკლევადიანი რყევები განპირობებულია ბაზარზე მოქმედი სუბიექტების მოკლევადიანი ქცევითა და მოლოდინით,”- უთხრა “ნეტგაზეთს” ცოტნე ყავლაშვილმა.

იმავეს იმეორებს ფინანსთა მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ აკონკრეტებენ, თუ რომელი სუბიექტების რა ქცევამ განაპირობა ლარის რყევა. კაკაურიძეს ვკითხეთ, თუ ბაზარზე მოქმედ რომელ სუბიექტებს გულისხმობს და არის თუ არა საუბარი კომერციულ ბანკებზე?

 

“აქ იგულისხმება ის, ვისაც კონკრეტულ პერიოდში დოლარი სჭირდება. ნებისმიერი ბიზნესი ან მოქალაქე, რომელსაც კონკრეტულ პერიოდში სჭირდება ფული. მათ შორის მცირე ბიზნესიც,”- გვითხრა გიორგი კაკაურიძემ.

ჩვენ ვერ შევძელით დაგვეზუსტებინა მინისტრის მოადგილესთან, თუ კონკრეტულად რა ქცევა განხორციელდა ბოლო პერიოდში ბიზნესის მხრიდან, რამაც მისივე შეფასებით, ლარის მოკლევადიანი რყევა განაპირობა.

გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტრო ლარის კურსზე მოქმედ ფაქტორებს აკვირდება. მისი თქმით, ვალუტაზე მოქმედი ფაქტორებია – ექსპორტი, იმპორტი, ფულადი გზავნილები და ტურიზმიდან შემოსავალი, ყველა ეს ფაქტორი კი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

2017 წელს იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს 28%-ით მეტი ტურისტი ეწვია.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, ეროვნული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვში თვეების მიხედვით ფულადი გზავნილების სტატისტიკას აქვეყნებს. შესაბამისად, ოქტომბრის სტატისტიკა სების ვებგვერდზე ხელმისაწვდომი 15 ნოემბერს იქნება. 

სექტემბრის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2%-ით მეტია 2016 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტი იყო. აქედან ექსპორტმა 1940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა, რაც 28.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. რაც შეეხება იმპორტს, 2017 წლის იავარ-სექტემბერში იმპორტის მაჩვენებელი 7.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

გიორგი კაკაურიძეს ვკითხეთ, როდემდე შეიძლება ეწოდოს ლარის დევალვაციის პროცესს მოკლევადიანი?

“მოკლევადიანი პერიოდი ყოველთვის არის ერთ წლამდე პერიოდი,”- გვითხრა მან.

ლარის მკვეთრი გაუფასურება არჩევნების შემდეგ, 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო. ხოლო 24 ოქტომბრიდან დოლარმა  გაძვირება დაიწყო და მისმა ღირებულებამ, ეროვნული ბანკის კურსით,  2.64 ლარს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი