ახალი ამბებიეკონომიკა

2017 წლის 10 თვეში ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

3 ნოემბერი, 2017 • 2714
2017 წლის 10 თვეში ტურისტების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 3 042 907 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 665 327-ით (28%) მეტია. ამავე პერიოდში 1 016 180-ით (18%) გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც – მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს 6,430,824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

ეს მონაცემები დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გახადა საჯარო შსს-დან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

მიმდინარე წლის 10 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოვიდა.

“დამატებითი ტურიზმი ნიშნავს საქართველოში მეტ დასაქმებას, რადგან ამ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს  სჭირდება მეტი სამუშაო ადგილი. ეს, ამავდროულად, ნიშნავს მეტ შემოსავალს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. სავალუტო შემოსავლებზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა. ეს მეტ ინვესტიციას გულისხმობს, რამეთუ ტურიზმის განვითარების გაზრდილი სტატისტიკა და გაზრდილი ტენდენცია  არის კარგი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები განხორციელდეს ტურიზმის სფეროში. ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურების რეოდენობამ 600 ათასს გადააჭარბა და ეს მონაცემი წინა წლის მონაცემთან შედარებით 15.2%-ით არის გაზრდილი,”-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

10 თვის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან გაიზარდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტების რაოდენობა გაიზარდა გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი  შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს, რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ აშშ დოლარს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი