ახალი ამბები

გამოძიების მასალები – როგორ გაიფლანგა მილიონები

28 ივნისი, 2013 •
გამოძიების მასალები – როგორ გაიფლანგა მილიონები

ბანკომატებიდან გატანილი 14 მილიონამდე ლარი

 

ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულის სქემა ამგვარი იყო: 2011 წლის ნოემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის [თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად მიმალვაშია] ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდენენ „თბილისის განვითარების ფონდში“ შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. მათ ბარათზე ყოველთვიურად ირიცხებოდა ათასობით ლარი ხელფასის სახით. აღნიშნული ბარათებიდან კი თანხა რეგულარულად  გაჰქონდა თბილისის მერიისა და გამგეობების 30–ზე მეტ თანამშრომელს, რომელთა შორის იყვნენ ა. თაბუაშვილი, დავით ავალიანი და დიმიტრი ჩხეიძე. ამ გზით ბანკიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ განაღდებულმა თანხამ კი შეადგინა 13.8 მილიონი ლარი.  ამ პირების ბიერ ბანკომატებიდან თანხის განაღდების ამსახველი ვიდეომასალა საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პლასტიკური ბარათების საქმესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ორი მოწმის ჩვენება და საბანკო ამონაწერი ლიბერთი ბანკიდან.

 

მარინა ზაქაიძე საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ 2002 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და აქტივისტი იყო, ბოლო საპარალმეტნო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – კოორდინატორი. ზაქაიძის თქმით, მის დაქვემდებარებაში იყვნენ მიკროკოორდინატორები.

 

როგოროც მარინა ზაქაიძე თავის ჩვენებაში ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის გააფორმეს შპს „თბილსერვის ჯგუფში“ და პარტიისთვის გაწეული სამსახურისთვის 2010–2011 წლებში უხდიდნენ 320 ლარს, ეს ფული კი მას „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკურ ბარათზე ერიცხებოდა. 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ნოემბრამდე კი ამ ბარათზე სხვა არანაირი თანხა არ დარიცხვია.

 

დაკითხვის ოქმის მიხედვით, საგამოძიებიო სამსახურის წარმომადგენელმა ზაკაიძეს ჰკითხა მის სახელზე გაცემულ „ლიბერთი ბანკის“ სხვა სახელფასო ბარათზე, სადაც „თბილისის განვითარების ფონდში“ გაწეული სამსახურისთვის მას 2011 წლის ნოემბერში ჩაერიცხა  4 000 ლარი, დეკემბერშიც –4 000, 2012 წლის იანვარში – 1280,  თებერვალში – 1800, მარტში 4 400, აპრილში – 1785, მაისი – 1800.

 

საქმის მასალებს თან დართული აქვს აღნიშნულ პლასტიკურ ბარათზე ზემოთ ნახსენები თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

 

მარინა ზაკაიძის მტკიცებით, მას არაფერი სმენია „თბილისის განვითარების ფონდის“ შესახებ, არც არასდროს უმუშავია აღნიშნულ სამსახურში და არც რაიმე თანხა გაუნაღდებია აღნიშნული პლასტიკური ბარათითან.  მისივე მტკიცებით, მისი პირადი მონაცემები მხოლოდ პარტიაში იცოდნენ და სხვას არავის ჰქონდა მის მონაცემებზე წვდომა, რომ დაემზადებინა მის სახელზე საბანკო ბარათი. მსგავსი შინაარსის საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მეორე ჩვენებაც, რომელიც ეკუთვნის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორ ნანა ლომჯარიას. ისიც აცხადებს, რომ არასდროს უმუშავია „თბილისის განვითარების ფონდში“ და ანაზრაურებაც არასდროს არ მიუღია, თუმცა საბანკო ამონაწერიდან ჩანს, რომ მის სახელზე გაცემულ პლასტიკური ბარათის ანგარიშზე თვეების განმავლობაში ათასობით ლარი ირიცხებოდა.

 

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული პლასტიკური ბარათებიდან თანხებს სწორედ მერიის თანამშრომლები ანაღდებდნენ.

 

34 მილიონი ბანკის სალაროდან

 

გამოძიების ცნობით, თბილისის მერის მოადგილემ – დავით ალავიძემ და  „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – გიორგი საბანაძემ, გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შვიდჯერ გაიტანეს  და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა სალაროს ჩეკების ასლები და „ლიბერთი ბანკის“ იმ თანამშრომელთა ჩვენებები, რომლთა თანდასწრებიდაც ბანკიდან ხდებოდა თანხის გატანა.

 

2012 წლის 16 ივნისის ჩეკის მიხედვით, გიორგი საბანიძემ „ლიბერთი ბანკიდან“ გაიტანა 10 მილიონი ლარი, 2012 წლის 11 ივლისს – 3 800 000 ლარი,  2012 წლის 6 აგვსიტო ს  – 4 000 000 ლარი, 2012 წლის 8 აგვისტო – 1 100 000 ლარი,  2012 წლის 4 სექტემბერი –  4 900 000 ლარი, 2012 წლის 28 სექტემბერი – 6 000 000 ლარი, 2012 წლის 3 ოქტომბერი – 4 528 463 ლარი, 4 ოქტომბერი – 30 ათასი ლარი.

 

„ლიებრთი ბანკის“ თანამშრომელი სანდრო რთველაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება გიორგი საბანიძის მიერ ბანკიდან ათეულობით მილიონი ლარის გატანის დეტალებს.

 

სანდრო რთველაძე ჩვენებაში ყვება, რომ  ბანკიდან თანხის, 10 მილიონი ლარის გატანისას გიორგი საბანიძეს თან ახლდა დავით ალავიძე და მათ არ უსარგებლიათ ბანკის მიერ შეთავაზებული საინკასაციო მოსმახურებით, სხვადასხვა თანხის გატანისას კი მიზნობრიობაში იწერებოდა „სხვადასხვა“.

 

719 862 ლარი „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ფურშეტებისთვის

 

გამოძიების ცნობით, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით შპს „სითი ივენთსა“ და შპს „ ფართი ჰაუსს“ ფონდის სახელით გაუფორმეს ხელშეკრულებები შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ორგანიზება გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს, რომელთა ანაზღაურების საანცვლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან გაიფლანგა 719 862 ლარი.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ საქმის მასალებში არის „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ შპს „ფართი ჰაუსთან“ და  „სითი ივენთს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები.

 

„ფართი ჰაუსთან“ 2012 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უნდა უზრუნველეყო ფურშეტის მომზადება 3200 კაცისთვის, ხელშეკრულების ღირებულება კი 59 503 ლარი იყო.   რაც შეეხება „სითი ივენთთან“ 2012 წლის აპრილში გაფრომებულ ხელშეკრულებას, მისი ღირებულება 151 200 ლარია.

 

საქმის მასალებში ასევე არის „ფართი ჰაუსის“ დირექტორის, თინათინ მჟავანაძის ჩვენება, რომელიც ყვება, თუ როგორ გააფორმა ხელშეკრულება თბილისის განვითარების ფონდთან ფურშეტების მომზადებაზე.  მისი ჩვენების მიხედვით, თინათინ მჟავანაძესთან უაშაულო მოლაპარაკებებს დავითაალავიძე და გიორგი საბანიძე აწარმოებდნენ, ხოლო, კომპანიების მიერ  ფურშეტები იმართებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივისტებისათვის, ამ შეხვედრებს კი ესწრებოდნენ პარტიის ლიდერებიც.

 

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 27 ივნისს  დააკავეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის  გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

 

„თბილისის განვითარების ფონდი“ მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა.

 

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით. ამავე საქმეზე გუშინ საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თბილისის მთავრობის 23 წარმომადგენელი, რომლებიც მალე გაათავისუფლეს, საღამოს კი ოთხი მათგანი ისევ დააკავეს.

 

ბრალდებულთა დაკავება

 

27 ივნისს დილიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიისა და საკრებულოს 20–ზე მეტი თანამშრომელი დააკავა. მოგვიანებით საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ დაკითხეს მოწმის სტატუსით. საპირისპიროს ამტკიცებენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩიდან ხელბორკილებით წაიყვანეს საგამოძიებო სამსახურში, არ განუმარტეს დაკავების მიზეზები და ასევე ახსნა–განმარტების გარეშე გამოუშვეს.  მათ აღნიშნულის გამოძიების მოთხოვნით 28 ივნისს მთავარ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს დამნაშავეების დასჯა.

 

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით 28 ივნისს არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა კი განაცხადა, რომ მას აქვს ლეგიტიმური კითხვები ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურთან.

 

საქართველოს ახალდაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ დღეს, 28 ივნისს ამ საქმეზე განაცხადეს:

 

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებები, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რაც ჩრდილს აყენებს მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას. ამის გამო მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთი მხრივ, მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი