ახალი ამბები

კოხტა კოდუას და დიმიტრი ჭაკუას ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ

28 ივნისი, 2013 •
კოხტა კოდუას და დიმიტრი ჭაკუას ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ

“გამოძიების მასალებით დადგინდა, რომ 2011 წლის 19 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზვიად გაგუამ,  სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური სამმართველოს უფროსის კოხტა კოდუას თანდასწრებით, ქ. სენაკში,   თავის სამუშაო ოთახში, ამავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს ა. ვ-სა და გ. ქ-ს  მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და  ჰაუპტვახტში მოათავსა.  ისინი ჰაუპტვახტში 7 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულისათვის კოხტა კოდუას და ზვიად გაგუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და  333–ე მუხლებით წარედგინათ, რაც  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს.

 

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზვიად გაგუამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის მიზნით, ბრიგადის G4-ის უფროსთან ზურაბ გოგოლაძესთან  წინასწარი შეთანხმებით, ასევე, საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, 1-ლი მთავარი სამმართველოს, მე-2 სამმართველოს, მე-2 სამსახურის, მე-2 განყოფილების უფროსის დიმიტრი ჭაკუას და კოხტა კოდუას დახმარებით, 2012 წლის 8-30 სექტემბრის პერიოდში გაფლანგა  მე-2 ქვეითი ბრიგადის კუთვნილი 11719  ლიტრის ოდენობის დიზელის და 16060 ლიტრის ოდენობის ბენზინის საწვავი, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 60063 ლარის  მატერიალური ზიანი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 11080 ლიტრი ბენზინის გაფლანგვის ფაქტის დაფარვის მიზნით  ზვიად გაგუამ და ზურაბ გოგოლაძემ,  ბრიგადის საწყობის უფროსის ნოდარ დიასამიძის და  ზურგის სამსახურის აღმრიცხველის თამაზ შეყრილაძის მონაწილეობით, შეადგინეს ყალბი დოკუმენტი, საწვავის გადაცემის ცალმხრივი აქტი, სადაც შეიტანეს ყალბი მონაცემი ზემოაღნიშნული საწვავის თითქოსდა საქართველოს შსს–ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოზე გადაცემის შესახებ.

ჩადენილი დანაშაულისათვის ზვიად გაგუას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 341-ე მუხლებით, ხოლო კოხტა კოდუას – საქართველოს სსკ-ის  25 და 182-ე მუხლიებით,

რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას გულისხმობს. დიმიტრი ჭაკუას, ბრალი წარედგინა, ასევე, 25–ე,182-ე და 333-ე მუხლებით.

კოხტა კოდუას და დიმიტრი ჭაკუას აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა და მათზე ძებნა გამოცხადდა. ზვიად გაგუასა და ზურაბ გოგოლაძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი