ახალი ამბებისამართალი

ამირან კვირიკაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

10 ნოემბერი, 2017 • 3760
ამირან კვირიკაშვილის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილის სუიციდთან დაკავშირებულ საქმეს სწორედ მათი უწყება იძიებს.

“9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ამჟამად საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,” – განუცხადეს ნეტგაზეთს პროკურატურაში.

კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მომხდარში პოლიციის თანამშრომლები დაადანაშაულეს, საკითხის მოკვლევა დაიწყო შსს-ს გენინსპექციამ. დღეს საიამ გაავრცელა განცხადება, რომ აუცილებელი იყო საქმე გამოეძიებინა პროკურატურას.

ოჯახის წევრების განცხადებით, ამირან კვირიკაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციაში და მასზე ხორციელდებოდა მუქარა, რის გამო ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ან თავი უნდა მოეკლა, ან პოლიციელები. საბოლოოდ კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი