ახალი ამბები

ხარაგაულში დაღუპულ ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

7 თებერვალი, 2018 •
ხარაგაულში დაღუპულ ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა

ხარაგაულში გარდაცვლილ ამირან კვირიკაშვილის ოჯახს სახელმწიფომ სოციალური დახმარება მოუხსნა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა. ამირან კვირიკაშვილმა 2017 წლის ოქტომბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან მუქარას ასახელებდნენ.

ამირან კვირიკაშვილის მამის, ნოდარ კვირიკაშვილი თქმით, სოციალური დახმარება, რომლის ოდენობაც 310 ლარია, დეკემბერში აღარ მიუღია. მისი განცხადებით, მხოლოდ 10 ლარს იღებს შვილიშვილი მარიამი. როგორც ნოდარ კვირიკაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ოჯახი ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად აგროვებდა 52 000 ქულას. ხოლო დეკემბერში ხელახლა დათვალეს, რის შემდეგაც იანვარში მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი ქულების რაოდენობა 70 000-მდე გაიზარდა.

კითხვაზე, თუ განუმარტა მას სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა, რამ განაპირობა ქულის ზრდა, ნოდარ კვირიკაშვილმა გვიპასუხა, რომ ოქტომბრის თვეში მისმა შვილმა ერთჯერადად აიღო 700 ლარი – ჩინურ კომპანიაში ერთი თვის მუშაობის საფასური. მისივე თქმით, სოციალურმა აგენტმა აღწერაში ჩაწერა, რომ ნოდარ კვირიკაშვილს დიდი მარანი აქვს აშენებული.

“არ არსებობს [ეს მარანი]. როგორ წარმოგიდგენიათ, მე შვილი გარდამეცვალა, ამხელა ვალში გავყავი თავი და მარნის შენება დავიწყე? ეზოში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ფიცრის ტუალეტი და ფიცრით აშენებული პატარა საქათმე. წვიმის დროს სახლში დავდივარ “ტაშტით”. საიდან გაბერეს ეს ქულები? ნული თეთრი მაქვს შემოსავალი. მართლა დასაცინად მიგდებენ?! ვერ გეტყვით”, – ამბობს ნოდარ კვირიკაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ნოდარ კვირიკაშვილმა დახმარებისთვის მიმართა “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” (EMC). ორგანიზაციის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი ამბობს, რომ ნოდარ კვირიკაშვილმა დღეს, 7 თებერვალს მიმართა, საქმის დეტალებს ჯერჯერობით არ იცნობენ და ამის შესახებ დეტალურ განმარტებას მოგვიანებით თავადვე გაავრცელებენ.

“როდესაც ოჯახის სულადობრივი რაოდენობა იცვლება, კანონიც ითვალისწინებს, რომ ოჯახი თავიდან უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი ფასდება მხოლოდ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას უნდა დაეყრდნოს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს გადაწყვეტილება. ზუსტად ვერ ვიტყვით, ამ შემთხვევაში იყო თუ არა კანონიერი მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ის ფაქტობრივი და სოციალური გარემოებები, რაც ოჯახთან დაკავშირებით არსებობს, მაგალითად, ის, რომ ოჯახის არცერთი წევრი არაა დასაქმებული, მათ არ ერიცხებათ შემოსავალი და სტაბილურ შემოსავალს ისინი ვერ იღებენ. ის, რომ წლების განმავლობაში ისინი იყვნენ საარსებო მინიმუმის მიმღებ პირთა სიაში, გვაფიქრებინებს იმას, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კანონდარღვევას ამ [შეფასების] მეთოდოლოგიის ფარგლებში”, – განაცხადა ლელა გვიშიანმა ”ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსაც, რათა გაერკვია, რა მიზეზით მოუხსნეს სოციალური დახმარება კვირიკაშვილების ოჯახს, უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე “ნეტგაზეთი” განმარტებას შემოგთავაზებთ.

ამირან კვირიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება 2017 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა მომხდარში პოლიციის თანამშრომლები დაადანაშაულეს, გამოძიება 9 ნოემბერს პროკურატურამ გადაიბარა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ამირან კვირიკაშვილი რამდენჯერმე დაიბარეს პოლიციაში და მას ემუქრებოდნენ, რის გამოც ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ ან თავი უნდა მოეკლა, ან პოლიციელები. საბოლოოდ, კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი