ახალი ამბები

TI საქართველო: სატელევიზიო რეკლამის მონოპოლისტი აღარ არსებობს

28 ივნისი, 2013 •
TI საქართველო: სატელევიზიო რეკლამის მონოპოლისტი აღარ არსებობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დაადგინა, რომ „ჯენერალ მედია“ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მეგობრებისა და ნათესავების წრესთან იყო დაკავშირებული”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში – „საქართველოს სარეკლამო ბაზარი – ახლა უკვე კონკურენციის პირობებში?” – რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მონაცემებით, “ჯენერალ მედიას” ექვს ტელეარხზე („რუსთავი-2,“ „იმედი,“ „საქართველო,“ „მზე,“ „რეალ ტვ,“ და „პირველი სტერეო“) რეკლამის გაყიდვაზე ექსკლუზიური უფლება ჰქონდა მოპოვებული და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში რეკლამაზე დახარჯული თანხის დაახლოებით ორი მესამედი სწორედ ამ კომპანიის გავლით გადიოდა.

 

ჯენერალ მედია
ჯენერალ მედია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, 2012 წელს საქართველოს ტელევიზიებმა დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს. აქედან რეკლამის წილმა 38.5 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, სატელევიზიო რეკლამაზე გაწეული მთელი დანახარჯის ორ მესამედზე მეტს ორი ტელევიზია – “რუსთავი 2” და “იმედი” იღებს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში ასკვნის, რომ არჩევნების შემდეგ „ჯენერალ მედიის“ დაშლა რამდენიმე ტელეარხზე მენეჯმენტისა და მფლობელობის შეცვლამ გამოიწვია.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, „ჯენერალ მედიის“ თანამშრომელთა ნაწილმა ახალი კომპანია „ინტერ მედია“ დააარსა, რომელიც ამჟამად  „რუსთავი 2“-თან და „კომედი არხთან“ თანამშრომლობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, „ჯენერალ მედიის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გუმბარიძე ახლა „ინტერ მედიის“ დირექტორია, რომლის 15%-იან წილს „რუსთავი-2“-ის გაყიდვების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი ფლობს.

 

“ზურაბ გუმბარიძე სხვა რამდენიმე სარეკლამო კომპანიის მეწილეცაა. მათგან ერთ-ერთია სარეკლამო სააგანტო „ფორმულა პროესკო პროდაქშენი“, რომელმაც კულტურის სამინისტროსგან 450 ათასი ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიპოვა ვიდეოპროდუქციის წარმოებაზე”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ჯენერალ მედიაში“ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა მაია მეტრეველი იყო: 

 

“ზურაბ გუმბარიძესთან ერთად, მან ახლა ორი სარეკლამო სააგენტო – „პრო მედია“ და „სპოტ მედია“ დააარსა. ორივე მათგანი, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საერთაშორისო სარეკლამო და მარკეტინგ ჯგუფთან WPP-სთანაა აფილირებული. ამ ორმა კომპანიამ, რომლებმაც მუშაობა 2012 წელს დაიწყეს, უკვე შეძლეს მსხვილი კლიენტებისგან სატენდერო წინადადებების მოპოვება. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი რეკლამის დამკვეთი „კრაფტიც“ – ახლა უკვე „სპოტ მედიას“კლიენტი. მაია მეტრეველი, „პრო მედიისა“ და „სპოტ მედიის“ გარდა, კიდევ ერთი სარეკლამო სააგენტოს – „მედია პორტის“ მეწილეცაა.”

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, „ჯენერალ მედიის“ დაშლა და კონკურენციის ზრდა დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ინტერვიუში პოზიტიურ ფაქტად შეაფასა:

 

“თუმცა ზოგიერთმა რეკლამის დამკვეთმა აღნიშნა, რომ უძნელდებათ სხვადასხვა გაყიდვების გუნდებთან კომუნიკაცია, რომლებიც სხვადასხვა ტელეარხებს წარმოადგენენ. მათ ერჩივნათ, ურთიერთობა ჰქონოდათ ერთ კომპანიასთან, „ჯენერალ მედიასთან,“ ანუ ერთი ფანჯრის პრინციპით ემოქმედათ.”

 

ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანიები ახლა გაყიდვების საკუთარი გუნდებით უწევენ ერთმანეთს კონკურენციას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვლობა – საქართველოს” ანგარიში ასახავს კვლევას, რომელიც ამ ორგანიზაციამ განახორციელა. ანგარიში ეფუძნება როგორც საჯარო ჩანაწერებსა და ხელმისაწვდომ საჯარო და კომერციულ მონაცემებს, ასევე, სარეკლამო და მედიასექტორში მომუშავე 30-ზე მეტ პროფესიონალთან და წამყვანი ქართული კომპანიების მარკეტინგის დირექტორებთან ჩაწერილ ინტერვიუებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი