ახალი ამბები

კოჟორიძე: უკანონობის წინააღმდეგ უკანონობით ბრძოლა შედეგს ვერ იძლევა

28 ივნისი, 2013 • 1103
კოჟორიძე: უკანონობის წინააღმდეგ უკანონობით ბრძოლა შედეგს ვერ იძლევა

“პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც ეს დააორგანიზა, მე არ მგონია, რომ ეს იყო რიგითი ადამიანი, რიგითი ადამიანი ასეთ ბრძანებას ვერ გასცემდა, ეს მაღალი თანამდებობის პირის გაკეთებულია. ორი ვარიანტი არსებობს- ან ის ადამიანი, ვინც ამის ორგანიზატორი იყო, ძალიან არაპროფესიონალია და არ აინტერესებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნები, ან ძალიან პროფესიონალია და მიზანმიმართულად მოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა გუშინ. ორივე შემთხვევაში ეს ხელისუფლების მხრიდან იმსახურებს სათანადო ყურადღებას, რათა მსგავსს მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისი თქმით, არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი, რომელსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს:

“ერთ–ერთ დაკავებულ პირს, როგორც თავად ამბობს, ჯერ ოქმი შეუდგინეს დაკავების და შემდეგ დაკითხეს, მას სამი კითხვა დაუსვეს, სად მუშაობდა, რას აკეთებდა და რამდენი ხანია, რაც მერიის თანამშრომელია. მოწმედ დაბარებულ პირს ასეთ მარტივ ინფორმაციას არ ეკითხებიან, როცა რეალურად ინფორმაციის მიღება სურთ. ჩემთვის გაუგებარია, გუშინ რა მოხდა და როგორ მოხდა, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების არგუმენტირებული პასუხი”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.

მისი თქმით, შესაძლოა ამ საქმეში იყოს დანაშაულის ნიშნები და მნიშვნელოვანია, როგორ გამოეხმაურება ამ ფაქტს ხელისუფლება:

“თუ დაიწყება იმის თქმა, რომ არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, ეს დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რადგან, ვფიქრობ, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი”

კახა კოჟორიძის თქმით, ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც მერიის თანამშრომლები დაიჭირე,ს აუცილებლადაა გამოსაძიებელი, თუმცა უკანონობასთან ბრძოლა უკანონობით არ უნდა ხდებოდეს:

“საიას არაერთხელ გაუეკთებია განცხადება, კვლევა თუ მოხსენება იმაზე, რომ რაც ხდებოდა მერიის ფონდებში, ეს იმსახურებდა გამოძების ყრუადღებას, ამაში ორი აზრი არ არის. გამოძიება, ცხადია, უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ რა ფორმით მოხდება, ეს მეორე საკითხია, ეს არ უნდა ყოფილიყო პროცედურების დარღვევით. უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა უკანონობით ვერ იძლევა შედეგს, ეს იქნება მუდმივად მანკიერ წრეზე სიარული. სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ევალებათ გამოძიების პროცესში პროცედურული ნორმების დაცვა, ეს მათი ვალდებულებაა, რისი დარღვევის შემთხვევაშიც შეიძლება თვითონ გახდნენ დანაშაულის ჩამდენი პირები”, – აღნიშნა კოჟორიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი