ახალი ამბები

ივანიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ალტერნატივა არ გვაქვს

28 ივნისი, 2013 •
ივანიშვილი: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ალტერნატივა არ გვაქვს

“რაც შეეხება ჟენევის ფორმატს, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. სანამ არ ვნახავთ უკეთეს ფორმატს, ჟენევის ფორმატი არ შეიცვლება. რაც შეეხება, ზოგადად, დამოკიდებულებას და პროცესების განვითარებას, ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით გვაქვს გარკვეული მიღწევები, იგულისხმება სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა. ვფიქრობთ, რეგულარული რეისების დანიშვნას და ასე შემდგომ, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შესუსტებაზე და გაუქმებაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მაინც ხდება მოძრაობები ე.წ. საზღვრებზე და მავთულხლართების გადაწევა, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ჩვენსას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ისტერიკების გარეშე და მტკიცედ დავიცავთ იმ თანმიმდევრულობას, რასაც ჩვენ მუდამ ვახმოვანებთ, რომ ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრულები რუსეთთან მიმართებაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, ბოლო პროცესებს უნდა კარგი ანალიზი, კარგი დასკვნების გაკეთება:

 

“იმ ფონზე, რომ ჩვენ გადავდგით ძალიან პოზიტიური ნაბიჯები და ამ დროს ხდება ესეთი გაუგებრობები, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ჩვენ მოთმინებით უნდა მოვექცეთ ამ პროცესებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ჟენევაში მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი, სადაც ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი განიხილებოდა, ვადაზე ადრე დასრულდა, რადგან დაფიქსირდა ფორმატის დარღვევის მცდელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მხრიდან.

 

“სამწუხაროდ, ერთმა მხარემ ფორმატის შეცვლა სცადა, რაც აღიკვეთა და ჩვენ შეხვედრა შევწყვიტეთ,”- ასე განმარტა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინმა მოლაპარაკების შეწყვეტის მიზეზი.

 

კარასინის განცხადებით, “ჟენევის დისკუსიების შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება. იმიტომ, რომ… ე.წ. ცეკვა ადგილზე უკვე მესამე რაუნდია გრძელდება”.

 

 ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა, სადაც კონფლიქტის მხარეების გარდა მონაწილეობას გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს და აშშ–ის წარმომადგენლებიც იღებენ.

 

ჟენევის მოლაპარაკებების 25–ე რაუნდი 16 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი