მიგრაციის საკითხებზე ამ წუთებში კონფერენცია მიმდინარეობს სასტუმრო “ქორთდიარდ მარიოტში”, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერაა ორგანიზებული.
ლევან სამადაშვილის თქმით, აღნიშნული კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობს:
“მას შემდეგ, რაც საუბარი დაიწყო ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიგრაციის სფეროში წარმატებულ პროექტებს და წარმატების მიღწევას. დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები. მნიშვნელოვანია იმ პროგრესის შეფასება, რასაც შვიდი თვის განმავლობაში მივაღწიეთ, ასევე, მომავალი ინიციატივების დაგეგმვა”.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში მიგრაციის მართვის სისტემის ფორმირება, რა წარმატებას მიაღწია ქვეყანამ და რა სუსტი მხარეები არსებობს ამ კუთხით”, – განაცხადა დანიის ლტოლვილთა საბჭოს პოლიტიკურმა მრჩეველმა გაი ედმუნდსმა.
კონეფერენციაში მონაწილეობს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, თუმცა მან მედიისთვის კომენტარი არ გააკეთა.





