ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საუბარია მოპარულ სახელმწიფო ბიუჯეტზე და გაუგებარია ამხელა აჟიოტაჟი

28 ივნისი, 2013 •
ღარიბაშვილი: საუბარია მოპარულ სახელმწიფო ბიუჯეტზე და გაუგებარია ამხელა აჟიოტაჟი

ღარიბაშვილი განმარტავს, რომ გუშინ დილით არ მომხდარა თბილისის მთავრობის წარმომადგენლების, სულ 23 პირის დაკავება:

 

“დილით არ მომხდარა დაკავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გააკეთა ვრცელი კომენტარი ამასთან დაკავშრებით, არამედ ეს იყო მათი კიდევ ერთხელ დაკითხვა. ბოლო ფაზაში შესულ გამოძიებას ჭირდებოდა დამატებითი დეტალების გადამოწმება,” – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

საგამოძიებო სამსახურმა გუშინ განმარტა, რომ არ დაუკავებით თბილისის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, არამედ ისინი მოწმის სახით დაიკითხნენ, თუმცა საპირისპიროს აცხადებენ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ დაადეს ხელბორკილები და ქუჩიდან აიყვანეს სამართალდამცავებმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოიკვეთა ბრალეულობა ძალიან მაღალი თანამდებობის პირების:


“მათ შორის ფიგურირებს ვიცე- მერი. მე მინდა აქვე ხაზგასმით აღნიშნო – საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს, საქმე ეხება ათეულობით მილიონი ლარის მითვისებას, გაფლანგვას, საუბარია 50 მილიონი ლარის მითვისებაზე, მოპარულ სახელმწიფო ბიუჯეტზე, ჩვენთვის გაუგებარია აბსოლუტურად, თუ რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი, ერთადერთი ახსნა, რომელიც არის, ეს არის გამოწვეული შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისგან. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა და ის ისტერია, რაც ისმის ბოლო 2 დღის განმავლობაში”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

შს მინისტრის თქმით, გუშინდელი დაკავება არ იყო პოლიტიკურად მართული:

 

“რაც შეეხება დაკავების ფაქტს და გუშინდელ ინციდენტს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პროცესი არ იყო მართული პოლიტიკურად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და დასტურია იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების სისტემა არის აბსოლუტურად გათავისუფლებული ყოველგვარი პოლიტიკისგან. ეს არის მნიშვნელოვანი მონაპოვარი პირველი ოქტომრბის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ვინაიდან წლების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ პოლიტიზებული პოლიცია, პოლიტიზებული საგამოძიები ორგანოები, რამაც კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე კანონიერი პროცესი. სამართალდამცავ ორგანოებს მიეცა სრული თავისუფლება, გამოძიონ სრულად აღნიშნული დანაშაული და ყველა დამნაშავე დასაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით.”

 

ირაკლი ღარიბაშვილი შეკითხვით მიმართავს საზოგადოებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას გუშინდელი ქმედების გამო:

 

“სასაცილოა, ერთი მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი გადმოსახედიდან ვიცე-მერის თანამდებობა, მერის, თუ იქნება ეს სხვა მინისტრების, თუ თუნდაც პრეზიდენტის, იყოს ერთგვარი იმუნიტეტი. ეს ასე არ არის ნამდვილად და არც იქნება, ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ არც ერთი პრივილეგირებული თანამმდებობის პირი არ იარსებებს ჩვენი ხელისუფლების დროს”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

 

გუშინ ღამით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა თბილისის მერიის ოთხი თანამშრომელი, მათ შორისაა ვიცე-მერი დავით ალავიძე. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ამ ოპერაციას სამართლებრივად აწარმოებს ნოდარ ხადურის უწყება, ფაქტობრივად, ყველაფერს ხელმძღვანელობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რომ გუშინ საღამოს, ნატოს ელჩების თბილისიდან გამგზავრების შემდეგ პრემიერ ივანიშვილთან თათბირის შედეგად გადაწყდა თბილისის მერიის თანამშრომლებიც განმეორებით დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი