ახალი ამბები

პრემიერის თქმით, პოლიტიკურად არამომგებიანი იყო სამართალდამცავების ქმედება თბილისის მერიის თანამშრომლებისადმი

28 ივნისი, 2013 •
პრემიერის თქმით, პოლიტიკურად არამომგებიანი იყო სამართალდამცავების ქმედება თბილისის მერიის თანამშრომლებისადმი

“ძალიან კარგი სამტკიცია გუშინდელი ქმედებები იმისა, რომ მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, პოლიტიკური გუნდი, არ მართავს სამართლადამცავი სტრუქტურების პროცესებს ყოველდღიურად. ეს მათ [ნაციონალებს] ჰქონდათ ეს მანერა და ასე ჰგონიათ. ყველა თავისი გადმოსახედიდან იყურება. თუ კარგ ანალიზს გააკეთებთ ჟურნალისტები, ამის სამტკიცია გუშინდელი ქმედებები,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუშინ ღამით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მერიის თანამშრომლების დაკავებას, მართალია, სამართლებრივად აწარმოებს ნოდარ ხადურის უწყება, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თუმცა მას რეალურად ხელმძღვანელობს შს მინისტრი ღარიბაშვილი და თანამშრომლებიც განმეორებით დაკავება ღამით დაიგეგმა ბიძინა ივანიშვილთან გუშინ, ნატოს ელჩების თბილისიდან გამგაზვრების შემდეგ გამართულ თათბირზე.

 

ივანიშვილის თქმით, პოლიტიკურად მისი გუნდისთვის არ იყო გუშინდელი ფაქტი სასარგებლო, როდესაც ქვეყანაში იმყოფებოდა ჩრდილოატლანტკური ალიანსი ვიზიტად და ამ დროს მოხდა თბილისის თვითმმართველობის 23 პირის ჯერ დაკავება და შემდეგ გათავისუფლება, ხოლო საღამოს კი, ოთხი მათგანის ისევ დაკავება.


“რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ჩვენთვის არ იყო ძალიან სასარგებლო, რაც მოხდა გუშინ, მაგრამ ეს აჩვენებს იმას, რომ მე არ განვკარგავ, სამართალდამცავი სტრუქტურები მოქმედებენ კანონის შესატყვისად და იმის მიხედვით, რა არის საჭირო იმ დღეს და რა უნდა მოიმოქმედონ და არ უყურებენ მაინცდამაინც პოლიტიკას. პირიქით, სამტკიცი არის გუშინდელი მაგალითი. გასაგებია, რომ შეშფოთდნენ ელჩები, კითხვები დაისვა ძალიან ბევრი, ეს პოლიტიკურად არ იყო ახალი ხელისუფლებისთვის მაინცდამაინც მომგებიანი, მარტივი დასანახია, მიუხედევად ამისა, ეს მაინც განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც ჩათვალეს სამართალდამცავებმა და არა ისე, როგორც ჩავთავლე მე და პოლიტიკურმა გუნდმა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სხვანაირი სახელმწიფოა. ეს საქართველო აღარ არის იმ ტიპის, როგორიც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში. ასე იქნება მუდამ და მომავალში და კიდევ უფრო გამკაცრდება ეს პროცესები და ყველა გააკეთებს თავის საქმეს და ერთი კაცი აღარ მართავს. პოლიტიკური გუნდი არ გადაწყვიტავს ასეთ საქმეებს და გადაწვიტავენ სამართალდამცავი ორგანოები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი