ახალი ამბები

50 მილიონის გაფლანგვის საქმე: სამი ეპიზოდი და ოთხი დაკავებული

28 ივნისი, 2013 •
50 მილიონის გაფლანგვის საქმე: სამი ეპიზოდი და ოთხი დაკავებული

პირველი ეზიპოდი – ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვა

 

გამოძიების ცნობით, 2011 წლის ნოემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის [თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მიმალვაშია] ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდენენ „თბილისის განვითარების ფონდში“ შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.

 

დამზადებული პლასტიკური ბარათები თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე. პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით თანხები ირიცხებოდა ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოჰქონდათ ა. თაბუაშვილს, დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს და მერიის და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. ამ ქმედებით აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით.

 

“აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული 719 პირიდან უმეტესობა მანამდე ფიქტიურად დასაქმებული იყო მერიის მიერ დაფუძნებულ „თბილსერვის ჯგუფში”, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

მეორე ეპიზოდი – ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისება

 

გამოძიების ცნობით, თბილისის მერის მოადგილემ – დავით ალავიძემ და  „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილმა თავმჯდომარემ – გიორგი საბანაძემ, გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შვიდჯერ გაიტანეს  და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463ლარი. 

 

მესამე ეპიზოდი – არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯული 719 862 ლარი


გამოძიების ცნობით, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით შპს „სითი ივენთსა“ და შპს „ ფართი ჰაუსს“, ფონდის სახელით გაუფორმეს ხელშეკრულებები შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ორგანიზება გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს, რომელთა ანაზღაურების საანცვლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან გაიფლანგა 719 862 ლარი.

 

გამოძიების ცნობით, საერთო ჯამში, „თბილისის განვითარების ფონდიდან“ უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.

 

აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ საღამოს დააკავეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის  გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

 

„თბილისის განვითარების ფონდი“ მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა.

 

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით. ამავე საქმეზე გუშინ საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მთავრობის 23 წარმომადგენელი, რომლებიც მალე გაათავისუფლეს და საღამოს ოთხი მათგანი ისევ დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი