ახალი ამბები

უგულავა: მერიის გარშემო სვავებივით ბინადრობენ ფინანსური პოლიციის მანქანები

28 ივნისი, 2013 •
უგულავა: მერიის გარშემო სვავებივით ბინადრობენ ფინანსური პოლიციის მანქანები

“აღვირახსნილი ნადირობა გაათკეცებულად მიმდინარეობს და ამ მომენტშიც მერიის გარშემო სვავებივით ბინადრობენ ფინანსური პოლიციის დაბურულმინებიანი მანქანები,”– განაცხადა უგულავამ.

 

თბილისის მერის განცხადებით, “როგორც ჩანს, დღეს ღამით გაგრძელდება დაკავებები, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა დაშინების, რომელიც ადრე თუ გვიან კრახით დასრულდება”.

 

თბილისის მერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ ოპერაციას სამართლებრივად ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ფაქტობრივად, ამას ხელმძღვანელობს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან, უგულავას ინფორმაციით, დღეს საღამოს თათბირი შედგა პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან, რის შემდეგაც დაიწყო ხელმეორედ დაკავებები.

 

“დღეს NAC-ის სხდომაზე ერთ–ერთმა მინისტრმა, თუ არ ვცდები, პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის საბოტაჟი და ამას გამოვიძიებთო. არ ვიცი, არის ეს საბოტაჟი და ვის მიერ ჩადენილი, თუ არის ეს სულელური ნაბიჯი – მთავრობის მიერ გადადგმული, ფაქტია, რომ დღეს 150–ამდე ფინანსური პოლიციის თანამშრომელი გამოსულია ამ ხალხის დასაპატიმრებლად”, – აცხადებს უგულავა.

 

თბილისის მერის თქმით, დაკავებების ერთადერთი მიზანია – “დაშინება და საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ვარ ძლიერი და უკან არ ვიხევ… ეს არის ძალაუფლებით ტრფობა. გონს მოეგონ! ჩვენთვის ღირსების საკითხია, რომ გაირკვეს სიმართლე.”

 

უგულავას განცხადებით, ეს არის გაგრძელება იმ ჯაჭვისა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ინფრასტრუქტურის ნგრევას გულისხმობს და რაც “საგანგაშო სიგნალია არჩევნების წინ”.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა თბილისის მერიის და საკრებულის წარმომადგენლები, ჯამში, 23 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს და განმარტეს, რომ ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს. ამის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, რომ ბიუჯეტდან 50 მილიონის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ხოლო საღამოს დააკავეს ოთხი პირი თანხის მითვისება–გაფლანგვის ბრალდებით. ასევე, ბრალი წარედგინება თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ დირექტორ გიორგი საბანაძეს, რომელიც გამოძიების ცნობით, მიმალვაში იმყოფება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი