გადაცემის წამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის პრესსამსახურმა ნათია სუხიაშვილმა “პოლიტმეტრის” პროდიუსერთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა ის პირი, ჯამში, 22 ადამიანია დაკავებული, რომლებიც დღეს საგამოძიებო სამსახურში მიიყვანეს დასაკითხად და მერე ისევ გამოუშვეს.
ამ პირთა დაკითხვის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოაქვთ კონკრეტულ პირებს ასეულ ათასობით ლარი ბანკომატებიდან და აღნიშნა, რომ 50 მილიონია გაფლანგული ბიუჯეტიდან.
ამის შემდეგ თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:
“ჩვენ ვფიქრობდით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღიარებდა მათ მიერ დღეს ჩადენილ აშკარა უკანონო ქმედებებს და დაიწყებდა საქმის გამოძიებას, თუმცა მათ ამის მაგივრად გააგრძელეს თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების პოლიტიკური დევნა და გაავრცელეს ბანკომატის კამერით ავტომატურ რეჟიმში გადაღებული არაფრის მთქმელი კადრები. საგულისხმოა, რომ მსგავსი კადრები არსებობს ნებისმიერი პენსიონერის მიმართაც კი, რომელიც კუთვნილი პენსიის გამოტანას ბანკომატიდან ახორციელებს. სრულიად აბსურდულია საგამოძიებო ორგანოს მტკიცება, რომ თითოეულმა მათგანმა ბანკომატიდან პლასტიკური ბარათის გამოყენებით მილიონობით ლარი გამოიტანა, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ბარათს გააჩნია განაღდების ლიმიტი და ეს შეუძლებელია. გავრცელებული კადრების, როგორც მტკიცებულებების, აბსურდულობას და მიმდინარე გამოძიების მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის მეთოდად გამოყენებას ადასტურებს თავად საგამოძიებო ორგანოების მოქმედებაც, რომლებმაც ყველა დაკავებული ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს”.
მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების მთავარი ამოცანაა თბილისის თვითმმართველობის თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნა:
“ამის დადასტურებაა დღევანდელი დღეც. მაღალი დონის პოლიტიკური შეკვეთის არარსებობის პირობებში წარმოუდგენელია ჩვენი 23 თანამშრომლის მიმართ საგამოძიებო სამსახურის 150-ამდე თანამშრომელს ერთდროულად ჩაეტარებინა ამ მასშტაბის უკანონო ოპერაცია. ამასთან, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ჩადენილი დანაშაული დღეს უკანონოდ დაკავებული თანამდებობის პირების მიერ, მათი უფლებების ასეთ უხეშად დარღვევას და დაკავებისას კანონმდებლობის არაერთი მუხლის უგულებელყოფას გამართლება არ აქვს და ეს უნდა იქნეს სათანადოდ გამოძიებული. დღეს უკანონოდ დაკავებული თითოეული პირის სახელით მომზადდება საჩივარი, იმისათვის, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული და დამნაშავე პირები დასჯილი.”
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს დაკავებული იყვნენ:
1. დავით ნინიძე – თბილისის მერის მოადგილე
2. მამუკა ახვლედიანი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3. ნოდარ სანდუხაძე – გლდანის რაიონის გამგებელი
4. ლექსო თაბუაშვილი – თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი
5. დავით ავალიანი – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
6. ვახტანგ ცაგარეიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი
7. ბესო კვიციანი – ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე
8. გიორგი ნიკოლაძე -კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე
9. ლევან ნებიერიძე – ისნის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი
10. ზურა კიკვაძე – ისნის რაიონის განყოფილების უფროსი
11. ავთო სულაბერიძე – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსი
12. ნიკო აბრამიშვილი – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე
13. ბექა მეშვილდიშვილი -სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი
14. ვახტანგ გაგუა – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი
15. მიხეილ ქვირია – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი
16. ნიკოლოზ ღვინიანიძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
17. მამუკა ბერაძე – გლდანის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი
18. ალექსანდრე ჩაფიჩაძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე
19. გიორგი დარჩია – ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი
20. დიმიტრი ჩხეიძე – მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე
21. ზაზა გუდიაშვილი – ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი
22. მამუკა თევზაძე
23. დავით ალავიძე – თბილისის მერის მოადგილე
“ნეტგაზეთი” ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია, ზუსტად რამდენი პირია ამ დროისთვის დაკავებული და რა ბრალდებით, თუმცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
მანამდე საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობს საბიუჯეტო თანხების მითვისება–გაფლანგვის ფაქტზე.