შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბიონარკოტიკების კრიმინალიზაცია შსს–ს რეკომენდაციაა და ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ნარკომანიასთან ბრძოლის საბჭოც, რომელიც დეკრიმინალიზაციის კუთხით მუშაობს:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო რეკომენდაციას ადგენს და მხარს უჭერს აღნიშნულ საკითხს. ბიონარკოტიკული ნივთიერებების დამდგენი ტესტები სამინისტრომ უკვე შეუკვეთა, ტესტები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის აპრობირებული მთელ მსოფლიოში და დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელ ქვეყნებშია აპრობირებული აღნიშნული ტესტები და როდიდან შემოვა საქართველოში, ასევე, უცნობია, თუ რა უჯდება სამინისტროს აღნიშნული ტესტების შეკვეთა.
კანონოპროექტის თანახმად, საუბარია სინთეზური კანაბინოიდების, იგივე სპაისების რამდენიმე სახეობის აკრძალვაზე, თუმცა, როგორც ექიმი–ნარკოლოგი ნატო სუთიძე აცხადებს, ამ ნარკოტიკის იმდენად ბევრი სახეობა არსებობს, რომ ერთის აკრძალვის შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდება მეორე:
“ზუსტად არავინ იცის, ბიონარკოტიკების რამდენი სახეობა არსებობს, საქართველოში ამ ნარკოტიკზე ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ საზღვარგარეთ დიდი ხანია არსებობს და უამრავი სახეობის. ერთს აკრძალავენ და მეორე ჩნდება, იმასაც თუ აკრძალავენ, კიდევ – სხვა. რა თქმა უნდა, ვემხრობით, რომ ეს ნარკოტიკი არავინ მოიხმაროს, თუმცა, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, არ ვიცი”, – აცხადებს ნატო სუთიძე.

ხელოვნებათმცოდნე მაგდა გურული, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წევრია, მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდება, ბიონარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდება:
“მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძლიერი და სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარების, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად დამღუპველი ადამიანის ორგანიზმისთვის და არანაირი დადებითი მხარე არ აქვს. ამ ფონზე მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნატურალური ბალახის, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. არსებობს კვლევები, რომ მარიხუანას გაცილებით ნაკლები ცუდი ეფექტი აქვს, ვიდრე სიგარეტის მოხმარებას, ამიტომ მგონია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას უფრო მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ცალკეული კანონპროექტის მიღებას”, – აცხადებს მაგდა გურული.
ნატო სუთიძის თქმით, ბიონარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა ამ ნარკოტიკს სწორედ იმიტომ მოიხმარს, რომ ბიო ანალიზში არ ამოდის, ხოლო თუკი მომხმარებელს მარიხუანას გამოყენება დაუდგინდა, სერიოზული სასჯელი ელის:
“ერთი წელიც არ იქნება, რაც ბიოსმომხმარებლები გამოჩნდნენ, ამ ნარკოტიკს მოიხმარენ ძალიან პატარა ასაკის ადამიანებიც, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, იმის გამო, რომ არ დაიჭირონ და ჯარიმები არ გამოუწერონ, რადგან ბიო ანალიზში არ ამოდის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია, მარიხუანას მოხმარებით ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი მე ჯერ არ მინახავს, ხოლო ბიონარკოტიკის მოხმარებას ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტის გარდაცვალებაც კი მოჰყოლია”, – აცხადებს ნატო სუთიძე.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ბიოსა და მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში ეფექტი მსგავსია, მომხმარებლები ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად მავნე ნივთიერებასთან აქვთ საქმე:
“ეს ორი საშუალება მარიხუანა და ბიო, მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენებისას ადამიანს მიახლოებით შეიძლება ერთნაირი მდგომარეობა ჰქონდეს, სრულიად სხვადასხვაა. ერთის შემთხვევაში, მოქმედება უფრო ხანგრძლივია, მეორე შემთხვევაში, ადამიანი 20 წუთში ფხიზლდება. მარიხუანასთან შედარებით ბიონარკოტიკი გაცილებით მავნებელია, ნებისმიერი სახის ბიო ფსიქიკას ანგრევს”, – აცხადებს ნატო სუთიძე.
საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლის ინიციატორიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დეპუტატი თამაზ ავდალიანია, პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე მიიღო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში “სპაისების” მომხმარებლები და რეალიზატორები ისევე დაისჯებიან, როგორც ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაში. კანონპროექტის მიხედვით, უკანონო ნარკოტიკების სიას ემატება ე.წ. სპაისები:
“სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდებით შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.




