ორივე სტურქტურის წარმომადგენლები იმ სამუშაო ჯგუფებში იყვნენ, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში სხდომებს მართავს.
24-ე რაუნდის დასრულების შემდეგ, რომელმაც სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა გამო ინციდენტით ჩაიარა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი განმარტებით, ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში მონაწილეებმა თბილისიდან გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზებზე ფორტიფიკაციების გავლების შეწყვეტა კატეგორიულად მოითხოვეს.
„საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის შესახებ ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, წარვადგინეთ ვიზუალური მასალა. დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ ისედაც რთულ პირობებში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობის ამგვარი ხელოვნური ბარიერებით კიდევ უფრო დამძიმება ყოვლად დაუშვებელია და ამ პროცესის არანაირი არგუმენტით გამართლება არ შეიძლება. რუსულ მხარეს კატეგორიულად მოვთხოვეთ, შეწყდეს გამყოფ ხაზებზე მავთულხლართების და მიწათხრილების გავლება. განვაცხადეთ, რომ ხელოვნური ბარიერები გარდა იმისა, რომ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ასევე უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე შედეგების მომტანია“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზი და ოსი მონაწილეების მიერ ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფის სხდომის დატოვება არასერიოზული ნაბიჯია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ მათ სხდომა იმ დროს დატოვეს, როცა ისეთ პრინციპულ საკითხს ვიხილავდით, როგორიც ფორტიფიკაციების თემაა. ეს არ იყო დემარშის პირველი შემთხვევა მათი მხრიდან და ეს ძალიან არაკონსტრუქციული და არასერიოზული ნაბიჯია. რაც უფრო მალე შეწყდება პოლიტიკური პოზიციონირება და ამგვარი დემარშები, მით უფრო სწრაფად შევძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას. თანათავმჯდომარეებმა ასევე დააფიქსირეს პოზიცია, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. თუმცა, ამ დემარშის მიუხედავად, დისკუსიების ძირითადი მონაწილეები სხდომაზე დარჩნენ და გავიარეთ ყველა დაგეგმილი საკითხი, მათ შორის დევნილების დაბრუნების თემა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, სხდომაზე აღინიშნა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც დევნილთა დაბრუნების უფლებას ადასტურებს, ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას ავალებს.
„დაუშვებელია, აღნიშნული რეზოლუცია რომელიმე მონაწილემ დაასახელოს იმის საბაბად, რომ ჟენევის დისკუსიებზე ეს საკითხი განხილული არ უნდა იქნას. დევნილების დაბრუნების უფლება განუყოფელია და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბატონმა გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მეორე − ასევე, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე განცხადების პროექტის შემმუშავებელ ექსპერტთა − სამუშაო ჯგუფის სხდომაში, აცხადებს, რომ მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს გადაადგილების თავისუფლების, ჰუმანიტარული ვიზიტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხები.
ასევე, როგორც ირკვევა, საქართველოს წარმომადგენლებმა გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საოკუპაციო გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმდინარე პროცესების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, რაც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვასა და ზოგიერთ შემთხვევაში საოკუპაციო არეალის გაფართოებას. ასევე, საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებსა და რუსეთის პასუხისმგებლობაზე მათი დარღვევისათვის საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტის სამუშაო ჯგუფში ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების განხილვისას გოჩა ლორთქიფანიძემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საერთო პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა უპასუხოს საქართველოს ცალმხრივ, იურიდიულად სავალდებულო განცხადებას ანალოგიური ნაბიჯის გადადგმით.
ქართული მხარის ინფორმაციით, რასაც ასევე დიალოგის თანათავმჯდომარეები და აშშ-ის წარმომადგენელი აცხადებენ, მოლაპარაკებების 24-ე რაუნდს თავისებური დაღი დაასვა კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენლების მცდელობამ, დაეტოვებინათ მეორე სამუშაო ჯგუფი და მუშაობა პირველ სამუშაო ჯგუფში გაეგრძელებინათ.
ჟენევის ფორმატში მხარეები ინდივიდუალურად მონაწილეობენ და ორივე სამუშაო ჯგუფი პარალელურად მუშაობს. ორი ჯუფის მონაწილეები ერთიანდებიან მხოლოდ პლენარულ სხდომაზე, რომელზეც წარმოდგენილია მხოლოდ საქართველო, რუსეთი, აშშ და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან.
ქართული მხარის განაცხადით, ვინაიდან ჟენევის პროცესი კონსენსუსს ეფუძნება, კონფლიქტური რეგიონების წარმომადგენლების პირველ სამუშაო ჯგუფში შესვლა აღქმულ იქნა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების წარმართვის დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის მცდელობა, რაც თანათავმჯდომარეებმა არ დაუშვეს და პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შეწყვიტეს.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2013 წლის 15-16 ოქტომბერს გაიმართება.





