როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რამდენიმე თვის განმავლობაში საგამოძიებო სამსახური დეტალურად სწავლობს თბილისის ბიუჯეტიდან დედაქალაქის რეაბილიტაციის მიზნით მერიის მიერ დაფუძნებულ სპეციალურ ფონდებში აკუმულირებული ათეულობით მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგო განკარგვის ფაქტებს, რომლის ფარგლებში, ოფიციალური ინფორმაციით, “უტყუარად დადასტურებულია, რომ ქ.თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და დანაშაულებრივი ხელშეწყობით, თბილისის რეაბილიტაციის ფონდიდან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი იმყოფება მიმალვაში, სხვადასხვა ტიპის თვალთმაქცური ოპერაციების მეშვეობით გაფლანგულია 50 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი უშუალოდ ბანკებიდან ნაღდი ფულის სახით არის გამოტანილი და, სავარაუდოდ, მითვისებული.”
თვალსაჩინოებისათვის საგამოძიებო სამსახურმა წარმოაგიდგინა ვიდეომასალები, რომელიც, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, უპრეცედენტო კორუფციული საქმის მტკიცებულებებია და მათზე დედაქალაქის მერიის მოხელეები “განსაკუთრებული აღტკინებით პლასტიკური ბარათების გამოყენებით იტაცებენ თბილისელებისაგან გადასახადების სახით აკრეფილ თანხებს, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.”
აქვე, საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის ნებისმიერი სახით პოლიტიზებას ის განიხილავს, როგორც პასუხიმგებლობიდან თავის არიდების მცდელობას, რასაც, ოფიციალური განმარტებით, არ დაუშვებს.
“რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფი პირების პრეტენზიებს პროცესთან დაკავშირებით, უფლებამოსილი ორგანოები კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს. თავად საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისება-გაფლანგვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გამოძიების დასრულებისთანავე საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია საქმის თაობაზე.”- აცხადებენ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.