ახალი ამბები

დავით ბედია აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს

27 ივნისი, 2013 •
დავით ბედია აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე გადაიყვანეს

დავით ბედია 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას ხელმძღვანელობდა, მაშინ მას შს სამინისტროს აჭარის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. თუმცა, ამის მიუხედავად, ახალი ხელისუფლების პირობებში, დააწინაურეს და კრიმინალური პოლიციის უფროსად დანიშნეს.

 

ბედიას ამ თანამდებობაზე დანიშვნა მაშინვე უარყოფითად შეაფასეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, კერძოდ, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებმა თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა, თუმცა მაშინ ამ საკითხს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასე გამოეხმაურა:

 

დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან. 2007 წლის 8 ნოემბერი.
დავით ბედია ბათუმის უნივერსიტეტთან. 2007 წლის 8 ნოემბერი.

“ბატონი ბედია არის პროფესიონალი პოლიციელი, ის თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია, თუ რაიმე ბრალეულობა მიუძღვის მას ამა თუ იმ აქციის დარბევაში, ამას გამოიძიებს, ან გამოიძიოს გამოძიებამ და გამოვლინდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს მათი პარტიული თუ სხვა კუთვნილებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად ვუდგებით საზოგადოების ყველა წარმომადგენელს და ვიქნებით მასეთივე სამართლიანები და ობიექტურები ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიმართ, უფრო მკაცრები ვიქნებით ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიმართ, ვიდრე – ჩვენი ოპონენტების მიმართ”.

 

ამის შემდეგ ბედიას სახელმა და გვარმა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გაიჟღერა, ამჯერად ახალი ხელისუფლების პირობებში. საქმე ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რის გამოც თანამდებობიდან გადადგა მინისტრი დავით კირვალიძე.

 

„ტრაქტორების საქმეში“  7 პირის დაკავების საფუძველი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მომზადებაშიც „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის“ სპეციალისტი დავით ბედია მონაწილეობდა, რომლის ვაჟიც არის კრიმინალური პოლიციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

 

აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა ზურაბ გამეზარდაშვილი, რომელიც მანამდე მუშაობდა იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსად, ხოლო ეს პოზიცია დაიკავა მისმა პირველმა მოადგილემ ზაზა ჩუბინიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი