ახალი ამბები

არჩეული მერები მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგებიან

7 ნოემბერი, 2017 • 1411
არჩეული მერები მოვალეობის შესრულებას 12 ნოემბრიდან შეუდგებიან

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში არჩეული 58 მერი მუშაობას 12 ნოემბრიდან შეუდგება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ინფორმაციით, ამჟამინდელ მერებსა და გამგებლებს უფლებამოსილება 11 ნოემბერს ეწურებათ.

“2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს). ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ცესკოს” ინფორმაციით, უკვე დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების გამზადება არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც ასევე 12 ნოემბერსაა ჩანიშნული. ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად 299 450 ბიულეტენი დაიბეჭდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი