ახალი ამბები

რატომ გადის “მოამბე” ეთერში “კურიერის” დროს – განმარტებები საზმაუდან

7 ნოემბერი, 2017 • 6322
რატომ გადის “მოამბე” ეთერში “კურიერის” დროს – განმარტებები საზმაუდან

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, თუ რატომ გადაიტანეს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლის დრო 20:00-დან 21:00 საათზე.

“20:00 საათზე დღე არ არის დასრულებული, მითუმეტეს, ევროპულ სინამდვილეში ჯერ სამუშაო დღეც კი არ არის დასრულებული ამ დროს, თუ გავითვალისწინებთ დროით განსხვავებას ჩვენსა და ევროპის ქვეყნებს შორის. საბოლოო ჯამში, გამოდის ისე, რომ  ძალიან ბევრი რამ კიდევ შეიძლება მოხდეს იმის შემდეგ, რომ შენ 8 საათზე გაქვს საინფორმაციო გამოშვება და  შენი ყურადღების მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან ბევრი რამ”, – განუცხადა გვიმრაძემ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ “მოამბის” დრო ისტორიულად იყო 8 საათი და ამის შეცვლა არ იქნებოდა სწორი.

“საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა დროის შეცვლა საინფორმაციო გამოშვებისთვის ან ნებისმიერი პროგრამისთვის, რომელიც რაღაც დროს არის დამკვიდრებული. თუმცა საჭირო გახდა გარკვეული რისკის საკუთარ თავზე აღება. მე წინა პერიოდშიც  ვამბობდი, რომ უნდა შეცვლილიყო “მოამბის” დრო. ახლაც იმავეს ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ უფრო გვიანაც უნდა ჩაიშვას. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია,“ – აცხადებს გვიმრაძე.

6 ნოემბრიდან “მოამბის” შემაჯამებელი გამოშვება ეთერში 21:00 საათზე გადის. აღნიშნულ ცვლილებას ფეისბუკში გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომლის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა სპეციალურად გადაწყვიტა, რომ “მოამბე” იმ დროს გაეშვათ, როცა რუსთავი 2-ის “კურიერის” მთავარი საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში.

გიორგი გვიმრაძის თქმით, მოამბის საეთერო დროის ცვლილება განპირობებულია თანამედროვე მსოფლიოში არსებული “საინფორმაციო ტაქტით”:

“ტაქტის გარდა, მთავარი არის ის, თუ რას უნდა უზრუნველყოფდეს სატელევიზიო საინფორმაციო  გამოშვება. საინფორმაციო გამოშვება უნდა უზრნველყოფდეს არა მხოლოდ ახალ ამბებს, არამედ განმარტებებს მომხმარებელისთვის. განმარტების ნაწილი, ამ შემთხვევაში, გულისხმობს ე.წ. “ექსფლეინინგ ნიუსს” და არა რაღაც კონოტაციის მიჩენას ამბისთვის. ეს ასე არის არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან. პირველ რიგში, იმ სივრცეში, საითკენაც ჩვენ გვაქვს მზერა. ევროპულ სინამდვილეში, მთავარი გამოშვება დღის ერთგვარ შემაჯამებლად იქცა. ჩვენ თუ დავაკვირდებით წამყვან საერთაშორისო მედიას, დავინახავთ, რომ მსგავსი შემაჯამებელი გადაცემები ძირითადად 10 საათზეა,“ – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მისივე თქმით, ის მომხრე იყო, რომ მოამბის მთავარი გამოშვება სწორედ 22:00 საათზე გასულიყო ეთერში:

“ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რომ 10 საათზე ხომ არ უნდა გადასულიყო საინფორმაციო გადაცემა, მაგრამ მაინც მოგვიწია გაგვეთვალისწინებინა ქვეყანაში ნიუსის მოხმარების ტრადიცია, კულტურა და ჩვევა. ჩვენთან 10 საათზე კარდინალურად განსხვავებული კონტენტი შემოდის – გასართობი და, შესაბამისად, ნიუსის მოხმარება უფრო გვიან, 10-ის შემდეგ იკლებს. ამას ჩვენი კვლევებიც ადასტურებს.  იმისთვის, რომ დღე შეაჯამო, არსებობს ტაქტი და საბოლოო ჯამში, 22:00 საათი ჩემთვის პირადად იქნებოდა ყველაზე იდეალური, მაგრამ ზემოხსენებულის გათვალისწინებით, უკეთესი დრო ამ შემთხვევაში იყო 21:00 საათი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი