ახალი ამბები

რა იცვლება კანონში საზღვაო სივრცის შესახებ – კანონპროექტი

7 ნოემბერი, 2017 • 2567
რა იცვლება კანონში საზღვაო სივრცის შესახებ – კანონპროექტი

შავი ზღვის წყლების დაბინძურების ეტაპობრივი შემცირებისა და ზღვის ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ კანონპროექტი მოამზადა. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამჟამად პარლამენტში საკომიტეტო განხილვებს გადის. ის პირველი მოსმენით დაამტკიცა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა და ახლა დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა უნდა განიხილოს.

“საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” კანონში ცვლილებებს ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ არსებული შეთანხმება ავალდებულებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია 2022 წლამდე შეიმუშაოს შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და საზღვაო გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამა.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების პრევენცია, ასევე, საზღვაო გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული სტრატეგიის შემუშავება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეკისრება. დოკუმენტი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლს სამი პუნქტი ემატება. კერძოდ, იკრძალება  საქართველოს ზღვის სანაპიროზე და მდინარეთა ნაპირებზე განლაგებული დაბინძურების წყაროებიდან საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურება. დაბინძურებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული ხდებიან უზრუნველყოფენ საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ორგანიზება.

კანონპროექტის მიხედვით, საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველები ვალდებულნი ხდებიან უზრუნველყონ ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს სააგენტოსთან თანამშრომლობა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი იხილება პარლამენტში, კანონპროექტი, რომლითაც გაჩნდება სამართლებრივი საფუძვლები სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შესაქმნელად და მისი აღსრულება გარემოს დაცვის სამინისტროს თავის უწყებებთან ერთად დაევალება. პარლამენტის როლი ზუსტად ის არის, რომ სრულყოს ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სწორ საფუძველს შექმნის, განხორციელდეს მსგავსი ღონისძიებები იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში და, ამავდროულად, ვალდებულება გვაქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულებით” – ამბობს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, გარდა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა, საკითხის მნიშვნელობა  „შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ტერიოტორიულ წყლებში ჩატარდა.

კვლევაში ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა და  მისი ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა- კვლევის ფარგლებში შემოწმებული ადგილების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია.

მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები და სხვა ნივთები, რაც მდინარეების ან სხვა გზებით ხვდება ზღვაში და მის ზედაპირზე დაცურავს. კვლევა, რომელიც აქამდე არასდროს ჩატარებულა შავ ზღვაში, 4 ივნისს დასრულდა და, როგორც კვლევის ერთ-ერთი მონაწილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე ამბობს, შავი ზღვის დანაგვიანების მაჩვენებელი იმაზე გაცილებით უფრო ცუდია, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ.

ვრცლად, EMBLASის კვლევის შედეგებზე წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი