“დაკავებული არავინ არ არის, უბრალოდ მოხდა მათი დაკითხვა კონკრეტულ საქმეზე, რომელიც ეხება ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტს,” – უთხრა “ნეტგაზეთს” საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის მათ უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არსებული ძველი საქმე, რომელზეც მოხდა დღეს კონკრეტული პირების დაკითხვა. თუმცა, სუხიაშვილის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი პირი დაიკითხა დღეს, მოხდა თუ არა ამ პირების დაკავება დღეს დილით ქუჩებში, როგორც ამას თბილისის საკრებულოს, მერიის და პარლამენტის უმცირესობის წევრები აცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გამოძიება თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, რომელიც უკავშირდება დასუფთავების სამსახურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დასაქმებას. ამ საქმეზე ბრალდებულია პირადად თბილისის მერი გიგი უგულავა.
კიდევ ერთი საქმე, რომელიც თბილისის მერიას უკავშირდება და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ეხება რიყის გასხვისების საქმეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დღეს დაკითხვაზე დაბარებულმა პირებმა უკვე დატოვეს საგამოძიებო სამსახური, გამოძიება კი მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით.