აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიაში პრესკონფერენცია გამართა.
“დღეს დილიდან მთელი თბილისის მასშტაბით ფინანსური პოლციია აწარმოებს პირდაპირ ნადირობას საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მერიისა და გამგეობის თანამშრომლებზე. მე ვწუხვარ, რომ ამ ფრაზის გამოყენება მიწევს, რადგან რაც დღეს დილით მოხდა, სხვა ფრაზით ვერ დაახასიათებ.
ერთდროულად, სამსახურში მისვლამდე, მოხდა ჩვენი 30–მდე თანამშრომლის აყვანა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითოეული მათგანის აყვანას დასჭირდა მინიმუმ 3 მანქანა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფინანსური პოლიციის მთელი შემადგენლობა ჩართული იყო, რომ საკრებულოს წევრები, თბილისის მერის 2 მოადგილე, გამგებლები და გამგებლის მოადგილეები, ასევე, მერიის თანამშრომლები რომ დაეკავებინათ. ჩვენი ჩარევისა და სავარადუოდ იმის გამო, რომ დღეს თბილისში ასეთი მაღალი რანგის დელეგაცია იმყოფება, მოხდა ამ ხალხისთვის ბრალის გადაკკეთება და ვითომდა მოწმის სახით დაბარება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, ყველა ადამიანი დააკავეს კრიმინალივით, დაადეს ხელბორკილები, არცერთს არ განუმარტეს მისი უფლებები, მიიყვანეს ფინასნურ პოლიციაში და შემდეგ უკანა გასასვლელიდან გამოუშვეს.
“ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ბოლომდე მოხდეს ნაციონალური მოძრაობის დაშანტაჟება, პარტიული ინფრასტრუქტურის მოშლა, ამ ხალხის დაშინება. ჩვენ მოვითხოვთ ომბუდსმენისგან შესაბამის რეაგირებას, ვინაიდან მოხდა კანონის უხეში დარღვევა, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
დღეს უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი შეიტანს საჩივარს პროკურატურაში, რომ მოხდეს გამოძიება და მე იმედი მაქვს, ეს გამოძიება არ გაგრძელდება საუკუნეები და მალე მივიღებთ პასუხს, რა მოხდა დღეს, 27 ივნისს, დილის 9 საათიდან 11 საათამდე”, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს დაკავებული იყვნენ:
1. დავით ნინიძე – თბილისის მერის მოადგილე
2. მამუკა ახვლედიანი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
3. ნოდარ სანდუხაძე – გლდანის რაიონის გამგებელი
4. ლექსო თაბუაშვილი – თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი
5. დავით ავალიანი – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი
6. ვახტანგ ცაგარეიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი
7. ბესო კვიციანი – ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე
8. გიორგი ნიკოლაძე -კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე
9. ლევან ნებიერიძე – ისნის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი
10. ზურა კიკვაძე – ისნის რაიონის განყოფილების უფროსი
11. ავთო სულაბერიძე – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსი
12. ნიკო აბრამიშვილი – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე
13. ბექა მეშვილდიშვილი -სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი
14. ვახტანგ გაგუა – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი
15. მიხეილ ქვირია – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი
16. ნიკოლოზ ღვინიანიძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
17. მამუკა ბერაძე – გლდანის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი
18. ალექსანდრე ჩაფიჩაძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე
19. გიორგი დარჩია – ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი
20. დიმიტრი ჩხეიძე – მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე
21. ზაზა გუდიაშვილი – ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი
22. მამუკა თევზაძე
23. დავით ალავიძე – თბილისის მერის მოადგილე
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი დაკავებული არ იყო და ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.
“როდესაც სამსახურში მივდიოდით, გაგვაჩერეს და გვითხრეს, რომ უნდა წამობრძანდეთ ფინანსურ პოლიციაში, სხვა განამრტება არ მოუციათ, დანარჩენს ადგილზე გეტყვითო. მივედი, ჩამომართვეს ჩვენება და წამოვედი” – ასე იხსენებს საგამოძიებო სამსახურში მიყვანის ფაქტს თბილისის მერის მოადგილე დავით ავალიანი.
გლდანი–ნაძალდევის რაიონის გამგებელი ნოდარ სანდუხაძემ კი საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს: “ჩამომსვეს მანქანიდან და გადამიყვანეს ფინანსური პოლიციის მანქანაში. არანაირი განმარტება არ გაკეთებულა ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით. ფიიზკურად არანაირი საგამოძიებო მოქმედება, რამდენადაც ვერკვევი ამ საკითხში, არ ჩატარებულა. ერთადერთი, ჩვენება მიმაცემინეს მოწმის სახით. გამოვეძახებინე და მოვიდოდი, ჩემთვის საერთოდ გაუგებარია ჩემი ამ ფორმით აქ მოყვანის მიზეზი”.