ახალი ამბები

პოლიტიკოსების შეფასებები გიორგი ონიანის დაკავების საქმეზე

7 ნოემბერი, 2017 • 3380
პოლიტიკოსების შეფასებები გიორგი ონიანის დაკავების საქმეზე

ნაციონალური მოძრაობის წევრისა და ადვოკატის, გიორგი ონიანის დაკავების საქმეზე დღეს დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს დღეიდან ჰყავს მორიგი პოლიტპატიმარი გიორგი ონიანის სახით, თუმცა ასე არ ფიქრობენ მათი ოპონენტები, მათ შორის, მმართველ გუნდში.

როგორც “ევროპული საქართველო” აცხადებს, მათი პარტია ყველაფერს გააკეთბს გიორგი ინიანი გასათავისუფლებლად, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის ადვოკატს არ დაიჭერდნენ, თუ ის ბოკერია-უგულავას პოლიტიკური გუნდის წევრი იქნებოდა. “ევროპული საქართველოში” ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას გაუგონარ უპასუხისმგებლობას უწოდებენ.

გიორგი ონიანის დაკავების საქმეს კიევიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილიც. როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, აღშფოთებულია გიორგი ონიანის დაკავების გამო, რადგან ის არის ძალიან მაგარი ადვოკატი.

“ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება და… მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა ასეთი რაღაც. ავადმყოფი ადამიანის ტვინში რა დაიბადება, ახლა ჩემს ტვინში აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს შესაძლებელიც კი არის. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხვევასთან, მაგრამ არაუშავს, ეს ყველაფერი დროებითია,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მიხეილ სააკაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის ხუთი წლისთავზე ბიძინა ივანიშვილი კვლავ განაგრძობს ოპონენტებზე პოლიტიკურ ზეწოლას, ხოლო მმართველი გუნდის სამიზნე ამჯერად ადვოკატი და პოლიტიკოსი გიორგი ონიანი გახდა.

“გოგა ონიანი “ამხილეს” წლების წინ ვითომდა ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე. ამდენი წლის განმავლობაში, ჩადების ამდენ გახმაურების შემთხვევაზე, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტის საქმე გამოარჩიეს. საქმის მიხედვით, ონიანის თანამზრახველი პოლიციელები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ხელისუფლების ვერსიის თანახმად საქმეში, მათ არ წაუყენეს ბრალი, არ დაისაჯნენ, განრიდება გაუეკეთეს და სისტემაში დატოვეს. ამით ე.წ. სამართლის შერჩევითობა არის პრაქტიკულად ყველასთვის თვალნათელი. მესამე, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ საქმის მთავარი მოწმე ღიად საუბრობდა, რომ პროკურატურა ახორცილებდა მასზე ზეწოლას. პრაქტიკულად ეს საქმე, მტკიცებულებების თვალსაზრისით, არის უსუტესი. და მთავარი, რატომაც ხელისუფლება წავიდა აშკარა უკანონობაზე – საჩივრის ავტორი არის ბერა ივანიშვილის ახლობელი. ამით ხელისუფლება აკეთებს იმის დემონსტრირებას,რომ ვინც ივანიშვილს და მის ახლობლებს დაუპირსიპირდება, სამაგალითოდ დაისჯება,” – აცხადებს ოთო კახიძე.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებენ, რომ სასამართლო არის პოლიტიზებული, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს, ხოლო გიორგი ონიანის დაკავება წარმოადგენს დასაშინებელ აქტს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათი თქმით, როდესაც ამ საქმის ხუთი მთავარი მონაწილე პირი გათავისუფლებულია, დამთავრდა გიორგი ონიანის დაკავებით, რადგან ის არის “ნამდვილი ოპოზიციური ძალის” პოლიტსაბჭოს წევრი:

“გოგა ონიანი რომ ყოფილიყო თუნდაც კვაზი ოპოზიციური პარტიის წევრი და გადასულიყო “ევროპულ საქართველოში”, დღეს მას არ დააკავებდნენ. გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგი უგულავას თანამებრძოლი, გოგა ონიანი რომ ყოფილიყო დათო კეზერაშვილის თანამებრძოლი, გოგა ონიანი რომ ყოფილიყო გიგა ბოკერიას თანამებრძოლი, რომლებიც გამოვლენ დღეს და დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ სწუხან თურმე, ეს ადამიანი დაკავებული არ იქნებოდა,” – განუცხადა ჟურნალისტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ.

მმართველ გუნდში კი უარყოფენ ბრალდებას პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” მოსალოდნელიც იყო მსგავსი განცხადებები, რაც მათთვის გასაკვირი არ არის.

“სასამართლომ რადგან ჩათვალა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იყო საკმარისი და გამამტყუნებელი განაჩენი არის გამოტანილი, ეს ნიშნავს იმას, რომ დადასტურდა ის ბრალდებები, რაც ამ ადამიანის მიმართ ისმოდა, როდესაც ის იყო სამართალდამცავ სისტემაში. პოლიტიკური მოტივით მონათვლა გოგა ონიანის საქმის, არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს დამაჯერებელი, გარდა იმ პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღესაც გულშემატკივრობს, ალბათ, იმ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა,” – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია.

დღევანდელ თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც დედაქალაქის ხელისუფლების საქმიანობა უნდა შეეფასებინათ დეპუტატებს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი გიორგი ონიანის დაკავების გამო გამოუცხადა.

[red_box]რა ბრალდებებით დააკავეს გიორგი ონიანი[/red_box]

თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების,  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, და 25-147-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, კოალიცია  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, 2011 წლს 15 და 17 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებით, იმ დროისთვის  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადების მიზეზით შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი და აღნიშნული მაისურების საზოგადოებაში გამავრცელებელი ლ.მ. თბილისის შს სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს.

ბრალდების ინფორმაციით, ონიანმა  თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა, თითქოსდა შათირიშვილი უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. პროკურატურის ცნობით, 2011 წლ 15 ოქტომბერს, ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.

პრკურატურა აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს, რა დროსაც მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა, თუმცა .ს მიმართ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდების წარსადგენად მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დ.ს პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი. მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის შედეგად, ბრალდების ინფორმაციით, დ.ს წარედგინა ბრალდება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

ბრალდების ინფორმაციით, ოანიანმა 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო,  კიდევ ერთი პირის დევნა განახორციელა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლ.მ, რომელიც შპს „დაო-პრინტის“ მიერ დამზადებული  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების საზოგადოებაში გავრცელებას ახდენდა.

პროკურატურის მტკიცებით, გიორგი ონიანმა ანალოგიური გზით სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლ.მ-სგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის შემდგომ, როგორც პროკურატურა აცხადებს, ლ.მ-ს მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლის სამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ბრალდების ინფორმაციით, დ.შ-სთვის და ლ.მ-სთვის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას  11 წლამდე ვადით. გიორგი ონიანს ზემოთ აღნიშნული სასჯელი საქალაქო სასამართლომ ამნისტიის გათვალისწინებით შეუფარდა.

გიორგი ონიანი (შუაში) და აკაკი მინაშვილი (მარჯვნივ). 11.10.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი