თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსებულია სიჩქარის შეზღუდვის და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში მომხდარი ავტო–საგზაო შემთხვევების უმრავლესობის გამომწვევი მიზეზია გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რადარების დამატების შესახებ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, რადარების დამონტაჟება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებას და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის მაქსიმალურად შემცირებას.
გარდა ამისა, თბილისში, ყველა ქუჩაზე, სადაც დაშვებული იყო 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა (გარდა ვაჟა–ფშაველას გამზირისა), დასაშვები სიჩქარე 10 კმ/სთ-ით გაიზარდა. აქვე შსს ახსენებს მოქალაქეებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დადგენილ ზღვარს გადააჭარბოს 15 კმ/სთ სიჩქარით.
“რადარის მიერ დაფიქსირებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ფიქსირდება სპეციალური კამერის მეშვეობით და მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა მისდის რეგისტრაციის ადგილზე. ამავდროულად, საპატრულო პოლიცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარებამდე დამრღვევ მძღოლს SMS-ით აფრთხილებს. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქეს SMS-ით მისდის შეხსენება. ახლო მომავალში საპატრულო პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ცენტრალურ მაგისტრალებსა და ქალაქებში სისწრაფის განმსაზღვრელი ახალი რადარების დამონტაჟებას გეგმავს,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისში ახალი რადარები გამონტაჟდა: კახეთის გზატკეცილი #18 (სამგორის მეტროსთნ), კახეთის გზატკეცილი #39 (პეპელას ხიდი), მარჯვენა სანაპირო ბაქრაძის ქ. (პაპილონი), აღმაშენებლის ხეივანი (ახალ ნათებასთან), აღმაშენებლის ხეივანი (სასოფლოსთან), ბალანჩინი – შეშელიძის ქუჩები (გლდანის ხიდები), მარჯვენა სანაპირო (ჯეოსელის ოფისთან), მარჯვენა სანაპირო (300 არაგველის მემორიალი), ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზა, მარცხენა სანაპირო (შალიკაშვილის ხიდი) და ვაჟა–ფშაველას გამზ. #36 (სამედიცინო ინსტიტუტი).