აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ერკ რუბინმა აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
“კარგი დისკუსია გვქონდა, ქართულმა მხარემ საკუთარი შეშფოთება დააფიქსირა, რომელიც ჩვენც გვაწუხებს და ბორდერზაცის პრობლემას ეხება, ასევე, მილიტარიზაციას და ადმინისტრაციული ხაზის საძზვრად გადაკეთების პრობლემას. ეს არ არის მარტო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ეს საკითხი ჰუმანიტარულ პრობლემებსაც ქმნის. სამწუხაროდ, ერთმა მხარემ ფორმატის შეცვლა სცადა, რაც აღიკვეთა და ჩვენ შეხვედრა შევწყვიტეთ,”- განაცხადა ერიკ რუბინმა.
კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ დელეგაციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ერთი ჯგუფიდან გამოსვლა და იმ სამუშაო ჯგუფში გადასვლა, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
თანათავმჯდომარეების განმარტებით, მოლაპარაკებებს აქვს ფორმატი და მის შეცვლაზე საუბარი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. მათ შემდეგი რაუნდისთვის მხარეებს მეტი კონსტრუქციულობისკენ მოუწდეს.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება უკვე გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
“ჟენევაში მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი დასრულდა. საქართველოს მხარემ და თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ აღკვეთეს მარიონეტული რეჟიმის მხრიდან ფორმატის შეცვლის მცდელობა. მოლაპარაკების 24-ე რაუნდზე საქართველომ გააპროტესტა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და დისკუსიის მონაწილეებს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის დამადასტურებელი დოკუმენტური მასალა წარუდგინა. თანათავმჯდომარებმა დაგმეს აღნიშნული ფაქტი.”
რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა კი განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა დელეგაციამ დისკუსიის გაგრძელებაზე უარი თქვა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება, ბუნდოვანი ხდება.
“ჟენევის მოლაპარაკებათა შეწყვეტის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება. ფაქტიურად, მხარეები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქმის წინსვლით, აწყდებიან ხელოვნურად მოფიქრებულ ბარიერებს, რომელიც დისკუსიის განვითარებას ხელს უშლის. ეს არის ერთადერთი ფორუმი, სადაც სამივე მხარეს – საქართველოს, აფხაზეთსა და ოსეთს აქვს შესაძლებლობა განიხილონ ყველა მწვავე საკითხი, პირველ რიგში კი, საკითხი ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ჩვენ იმედი გვაქვს კონსტრუქციული მიდგომების. შესაძლოა, ეს იქნება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ჩვენ დავუბრუნდებთ კონსტრუქციულ გზას ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძიებაში, -განაცხადა კარასინმა.
ჟენევის მოლაპარაკებები 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ იმართება.